ხულოში, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილე და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
როგორც „კვირას“ ხულოს მერიიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური ვიდეოებისა და სლაიდების ჩვენება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე, საკრებულოს წევრები: ნარგიზ დეკანაძე, ნიკა წულუკიძე, რომან ქედელიძე და მერიის, ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ესწრებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე და ზვიად გამსახურდიას როლზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში.
„ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, რომელმაც მოახდინა ერის გაერთიანება დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ, რაც რათქმაუნდა რეფერენდუმის შედეგებზეც აისახა. შეუფასებელია მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიაში, მისი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალში ისტორია, ქართველი ხალხი, მომავალი თაობები კიდევ უფრო მეტად დააფასებს მის ღვაწლს და მნიშვნელობას. მე ამაყი ვარ დღეს იმით, რომ ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის პირველი პრეზიდენტიც ზვიად გამსახურდია იყო“,- აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ.