“ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი”
“ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა კრისტიან ეშმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე შემდეგი კითხვა დაუსვა – „არჩევნებში თქვენ ფორმალურად დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღეთ მონაწილეობა, მაგრამ, ფაქტობრივად, მხარს გიჭერდათ საქართველოს უძლიერესი პირი – მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. რა არის მისი როლი?“
ამასთან, ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ივანიშვილს მაშინ სურდა, მხოლოდ დროებით ჩარეულიყო პოლიტიკაში. მაშინ გაახმოვანა დაპირება, რომ კვლავ ჩამოშორდებოდა პოლიტიკას. როგორც ჩანს, ამ დაპირებიდან არაფერი გამოვიდა. მან თქვენ აქტიურად დაგიჭირათ მხარი და კვლავ უდიდესი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია”, რასაც საქართველოს პრეზიდენტი შემდეგნაირად პასუხობს: “მასთან გამართული მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად”.
ჟურნალისტის განცხადებაზე, რომ “ასეა თუ ისე, ეს დიდი პრობლემაა, როცა უმდიდრესი ადამიანი ქვეყანას არაფორმალურად მართავს და დიდი პარტიის უკან დგას”, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის უკან არ დგას.
“ის პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს”, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.