განათლების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის განათლების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა. ცვლილების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიაა, რომელიც კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას ითხოვს. როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, აუცილებელია მხარდაჭერა იმ მოცემულობაზე, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი. „ვფიქრობ, ძალიან ხშირად, ქვეყნის დონეზე ხდება არასწორი ინტერპრეტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა. ძალიან ხშირად, ჩვენ ზედმეტად მკაცრად ვუდგებით საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს მაშინ, როდესაც, პირიქით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები, პაქტები და ა.შ. საკმაოდ ვრცელ თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფოებს, რომ საკუთარი სუვერენული უფლება გამოიყენონ. ყოველთვის გვრჩება სივრცე დისკუსიისა და ადგილობრივ კონტექსტთან მიმართებით შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტის ადაპტირებისა და, ვთქვათ, რატიფიცირების პროცესში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე დამატებითი დისკუსიები გაიმართოს. სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი. სხდომის დასრულების შემდეგ, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ „ოცნება“ დასავლურ, მათ შორის – თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს ებრძვის.