დასავლეთ საქართველოში „თხილის გადარჩენის პროგრამა” დაიწყო

თხილის კულტურის დასაცავად დასავლეთ საქართველოში კომპლექსური სამუშაოები მიმდინარეობს. „თხილის გადარჩენის პროგრამის” ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, გიორგი იაკობაშვილთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
გიორგი ხანიშვილმა მეთხილეობის დარგში მომუშავე ფერმერებს სახელმწიფო პროგრამასა და ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ თხილის პლანტაციები რამდენჯერმე შეწამლეს და, გასულ წლებთან შედარებით, შარშან უკეთესი მოსავალი აიღეს.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი თოდუას განცხადებით, „თხილის გადარჩენის პროგრამაში” ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიან ფასად მიიღონ.
„პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემა მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ისინი აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდებულ წამლობებს მაღალ დონეზე ჩაატარებენ. სახელმწიფოს მიერ შექმნილი „თხილის გადარჩენის პროგრამა” მოიცავს მასშტაბურ საკონსულტაციო სამუშაოებს, ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდას, რათა დროულად გატარდეს საჭირო ღონისძიებები და თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება“,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები