სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები განიხილეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და დასავლეთ საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილა და ხაზი გაუსვა მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების როლს.
გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევა ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით იქნება შესაძლებელი.
“აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სრულყოფილი ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მავნებელს კონტროლქვეშ მოაქცევს და შესაბამისად, სასოფლო სამეურნეო კულტურების ზიანი მინიმუმამდე შემცირდება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ქართველი ფერმერები წლევანდელ სეზონს ბევრად მომზადებულები ხვდებიან, უფრო ორგანიზებული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც თხილის კულტურის მოვლასთან არის დაკავშირებული. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა წელს მეტი ინტენსივობით, მეტი ჩართულობით შეძლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ დეტალურად ისაუბრა ფაროსანასთან ბრძოლის მართვის საკოორდინაციო ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.
დღეისათვის, ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტში მავნებლის მონიტორინგი და რაოდენობის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია.