გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან, მოადგილესთან ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
გიორგი გახარიამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ ქემოკლიძემ მინისტრს ადგილზე წარუდგინა ის რუკები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების ადგილმდებარეობას ასახავს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს იმ სირთულეებზე ესაუბრა, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.
გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც მოინახულა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.