საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ჰააგაში დოკუმენტს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა; გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ და EUROJUST-ის პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა მოაწერეს ხელი. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, EUROJUST-ში წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის, აშშ-ს, ნორვეგია-ს, შვეიცარია-ს და ა.შ) ჰყავთ. EUROJUST-თან შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიების პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულება. EUROJUST-თან ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლებისა და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებასა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას გულისხმობს. შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღებამდე, 2017 წელს, EUROJUST-მა შეისწავლა საქართველოს სამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან და შეთანხმების გაფორმების საკითხი დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა. ცნობისათვის, EUROJUST-ი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. შეთანხმების გაფორმების მიზნით, EUROJUST-თან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.