სოსო მანჯავიძე: იმ შემთხვევაში, თუ გახარიას ყბადაღებული წერილი მისი დაწერილი არ არის, საქმე გვაქვს ცრუ დასმენასთან
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე თავის „ფეისბუქპოსტში“ „თი-ბი-სი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს.
„ძალიან მაინტერესებს გახარიას იმ ყბადაღებული წერილის ბედი. როგორც ვიცი, მისი „ორიგინალი“ ლონდონში იყო გაგზავნილი. იმ შემთხვევაში, თუ ის გახარიას დაწერილი არ არის, საქმე გვაქვს ცრუ დასმენასთან, ვინაიდან განზრახ ადანაშაულებს ადამიანს ქმედებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია და ამისთვის ქმნის ცრუ მტკიცებულებებს“, – წერს მანჯავიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და ცრუ დასმენის შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის მუხლსაც იხსენებს.
მუხლი 373. ცრუ დასმენა
1. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე;
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე;
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ანგარებით, ან სხვა პირადი მოტივით;
ბ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
„ამიტომ, კეთილი ინებოს ბატონმა თადუმაძემ და იზრუნოს, რომ გაარკვიოს საქართველოს მოსახლეობა საქმის ვითარებაში. არ შეიძლება, ჯერ საჯაროდ ასეთი ურთიერთბრალდებები გვესმოდეს და შემდეგ ყველაფერი კულუარულად იჩქმალებოდეს“, – წერს მანჯავიძე სოცქსელში.