მოკლეს თუ არა ადმირალი გიგლა ირემაძე?

მოკლეს თუ არა გიგლა ირემაძე დაზუსტებით არავინ იცის. ექსჰუმაცია უკვე ჩატარდა. ექსპერტიზა 2 კვირაში დადებს დასკვნას და გაირკვევა, იყო თუ არა მის ცხედარში მომწამვლელი ნივთიერება, სავარაუდოდ, დარიშხანი. გამოძიება, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, აქტიურ ფაზაში სწორედ ამის შემდეგ შევა.
ადმირალის შესაძლო მკვლელობის შესახებ ადრეც ბევრჯერ დაიწერა, თუმცა მედიამდე დღემდე არ მისულა კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ყოფილი საზღვაო ძალების სარდლის მკვლელობის ვერსიას გაამყარებდა. ახლა, როცა პროკურატურამ ადმირალის ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, ცხედრის ექსჰუმაცია ჩაატარა, გახმაურებულმა საქმემ აქტუალობა კიდევ ერთხელ შეიძინა. თუკი დადასტურდა, რომ გიგლა ირემაძე მოწამლეს, ამ საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვება და მან შესაძლოა, არაერთი ძველი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი შეიწიროს. თუკი მოწამვლის ფაქტი არ დადასტურდა, მაშინ კითხვები გაჩნდება ადმირალის ყოფილი თანაშემწის, ამჟამად ბელგიაში მყოფი ვიქტორ ჭელიძის მიმართ, რომელმაც მკვლელობის ვერსია პირველად გაახმაურა.
აღსანიშნავია, რომ ირემაძის ოჯახმა საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის მოწამვლის ვერსიის შესახებ პირველად სწორედ ჭელიძისგან შეიტყო. ისტორია, რომელსაც ადმირალის ოჯახის წევრები ყვებიან, ბევრისთვის დაუჯერებელია. ამას თავადაც აღიარებენ, თუმცა იმედი აქვთ, რომ გამოძიება მათ მონაყოლს, ერთხელ და საბოლოოდ, ფაქტებით გაამყარებს.
10381046_791850360838951_1553255586_o„კვირა“ შეეცადა, ეს მოვლენები ქრონოლოგიურად, ზუსტად ისე გადმოეცა, როგორც ამას საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის მეუღლე და შვილები ყვებიან.
მანანა ირემაძე – გიგლა ირემაძის ქვრივი: ,,გიგლა, საქართველოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი იყო. ადმირალის წოდება მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. ის ფოთში მსახურობდა. მახსოვს, 2004 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნების საწვრთნელი სწავლება მიმდინარეობდა, რომელშიც 7 ქვეყნის საზღვაო ფლოტის გემები მონაწილეობდნენ. რაღაც მიზეზების გამო, ბათუმიდან ზღვაში 6 ქვეყნის გემი გავიდა, ჩვენი კი – არა, რაზეც გიგლამ ძალიან ინერვიულა და მისი გარდაცვალება სწორედ ამას დააბრალეს. თავიდან ჩვენც ასე ვიფიქრეთ, რომ განიცადა და გულის შეტევით დაიღუპა. თუმცა, ამას სხვა თემებიც დაემატა, რის შესახებაც ქრონოლოგიურად მოგითხრობთ:
ეს იყო 2004 წელი, 13 აგვისტო. გემები ბათუმიდან უნდა გასულიყვნენ ზღვაში, გავიგე, რომ გიგლა ფოთში დაბრუნდა. დავურეკე და ვუთხარი, მთელი კვირაა, სახლში არ ყოფილხარ, დაღლილი, მშიერი, უძილო ხარ, მოდი, დაისვენე-მეთქი. ეტყობა, ძალიან შევაწუხე და მერე, თვითონ გადმომირეკა და მითხრა, ბევრი საქმე მაქვს, შინ მოსვლას ვერ ვახერხებო. ბოლოს, მე იმდენჯერ დავურეკე, რომ შუაღამისას მძღოლმა მოიყვანა. შინ შემოსულმა მითხრა, არ მშია, ვივახშმე, მხოლოდ კიტრი და ყველის ნაჭერი მომიტანეო.
ძალიან მალე, ტელეფონზე ჩვენმა ქალიშვილმა თამთამ დარეკა, შეშინებული იყო, კარზე ვიღაც აკაკუნებს, ხმაურია და მეშინიაო. გიგლა წასასვლელად მოემზადა. მეც მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ არ გამიყოლა. მახსოვს მისი სახე – უცნაური მეჩვენა: ყურის ბიბილოები, ცხვირის წვერი მომწვანო-ყვითელი ჰქონდა. შევშინდი და ვკითხე, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, არაო. იმ წუთას, პირველი, ვინც გაგვახსენდა, ჩემი ქმრის მეგობარი ვიქტორ ჭელიძე იყო. ის ლოგისტიკისა და უზრუნველყოფის საკითხებში საზღვაო ძალების სარდლის თანაშემწე იყო. დავურეკეთ, მაგრამ, თითქოს ჩვენი ხმა არ ესმოდა… ჩვენ კი, მისი გვესმოდა. მერე გადავრეკეთ შტაბის მორიგესთან, თუმცა ჩვენი ხმა ტელეფონში მათაც არ ესმოდათ…
ერთდროულად ბევრი სასწაული მოხდა: ქალაქში მოულოდნელად ჩაქრა შუქი, გაითიშა მობილურები… ჩემი მეუღლე შვილის სახლისკენ ფეხით გაიქცა, თამთას სახლი ჩვენგან არც ისე შორს იყო. მახსოვს, ცოტა ხნის შემდეგ, გასროლის ხმა შემომესმა. ჩემი ვარაუდით, გიგლა გზაში შეუძლოდ გახდა, იფიქრა, შვილამდე ვერ მივაღწევო და საშველად ჰაერში გაისროლა. ჩვენი ქალიშვილის ბინამდე მაინც მიაღწია, როგორც ჩანს, ფორთხვით…. რადგან ტანსაცმელი, რაც მაშინ ეცვა, მთლიანად დასვრილი იყო. სხვათა შორის, მისი პერანგი და შავი ჯინსის შარვალი, რომელიც იმ ღამეს ეცვა, დაიკარგა…
თამთას ბინაში შესულმა გიგლამ ყველა ოთახი შემოიარა, უკან ქალიშვილი მისდევდა, მამა, აქ არავინ არისო. გიგლა, თურმე, ყვიროდა, დავინახე ეგენიო. თამთა სახლში მეგობარ გოგოსთან, თათია როინიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მოულოდნელად, ცუდად გახდა, თამთამ სასწრაფოს გამოუძახა, მაგრამ სასწრაფომ უთხრა, საწვავი არა მაქვს და ვერ მოვალო. ვერ აგიხსნით, იმდენი რაღაც მოხდა ერთდროულად და მე, პირადად, ამდენი დამთხვევის არ მჯერა!

download (1)თითქოს უხილავი ხელი მართავდა ყველაფერს. გიგლას საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოვახერხეთ, ის ჩემთან, სახლში გარდაიცვალა’’.
მანანა ირემაძე ამბობს, რომ მეუღლის პანაშვიდებზე და დაკრძალვის შემდეგაც მას ადმირალის ყოფილი კოლეგები რაღაც წამლებს ასმევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს დასამშვიდებელი მედიკამენტები იყო. ამპულებს ტეხავდნენ, წყალში აზავებდნენ, ცარიელი ამპულები კი თან მიჰქონდათ…
მანანა ირემაძე – გიგლა ირემაძის ქვრივი: ,,ამ წამლების გამო მუდმივად თითქმის უგონო მდგომარეობაში ვიყავი. ვფიქრობ, რომ ვიღაცას არ აწყობდა, რომ მეუღლის გარდაცვალების მიზეზების დადგენა მაშინვე დამეწყო… მახსოვს, პანაშვიდების დროს ჩემს გარდაცვლილ მეუღლესთან ყოველდღე მოდიოდა ერთი თანამშრომელი ვეფხვო მელქაძე და ცხედარს ყურებიდან და ტუჩის კუთხეებიდან გადმოსულ სითხეს დიდი სიფრთხილით წმენდდა, შემდეგ, პოლიეთილენის პარკში დებდა და მიჰქონდა. კი ვფიქრობდი მაშინვე, ვის რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი? მაგრამ იმდენად გათიშული ვიყავი, ზედმეტი კითხვები არ დამისვამს… ის კი არა, გვამის გაკვეთის აზრიც კი არ გაგვჩენია… გიგლა თბილისში დავკრძალეთ’’.
ადმირალის ქვრივი იხსენებს, რომ მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მისი კაბინეტიც გატეხეს, საიდანაც გიგლა ირემაძის კუთვნილი იარაღი და ყველა დოკუმენტაცია გაქრა.
10386125_791844014172919_309018378_oმანანა ირემაძე – გიგლა ირემაძის ქვრივი: ,,გიგლას გარდაცვალებიდან მესამე დღეს მისი კაბინეტი გატყდა. რამდენიმე დღით ადრე მდივანმა კაბინეტის გასაღები მომიტანა, თან შემომთავაზა, თუ გინდათ, ჩემთან იყოს, დილით მტვერს გადავწმენდ, ჩვეულებისამებრ, ადმირალისთვის ყავას მოვადუღებ, სიგარეტს შევიტან, ვითომ ისევ ჩვენს გვერდითააო… დავუჯერე და დავთანხმდი. უცნაურია, მაგრამ მაშინდელ სამართალდამცველებს კაბინეტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება არ დაუწყიათ, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა’’.
ოჯახის წევრები „კვირასთან“ იმ მოვლენებს იხსენებენ, თუ როგორ იკარგებოდა ნელ-ნელა ადმირალის პირადი ნივთები.
მანანა ირემაძე – გიგლა ირემაძის ქვრივი: ,,ვიქტორ ჭელიძე ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო. მამა მას შინაურულად ვიკას ეძახდა. ის მისი უახლოესი მეგობარი იყო და მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი შვილიშვილი გვანცა მონათლა. ისეთი ახლობლობა გვქონდა, ხანდახან თამთას მამის მაგივრობას უწევდა…. ვერ ვიხსენებ, საიდან გაჩნდა იმ ღამეს ჩვენს სახლში, ტელეფონზე ხომ ვერ დავუკავშირდით? გარდაცვლილი მამის მობილური მასთან აღმოჩნდა, თუმცა ის დიდი ხნის შემდეგ სიმ-ბარათის გარეშე დაგვიბრუნა. ლეპტოპიც, რამდენიმე თვის შემდეგ, ხვეწნა-მუდარით მოვატანინეთ. დიდი ხნის განმავლობაში ხელიც არ გვიხლია და გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც კომპიუტერის ჩართვა გადავწყვიტეთ, აღმოჩნდა, რომ კომპიუტერიდან ,,ტვინი” ამოცლილი ჰქონდა. ასე დაიკარგა ყველაფერი’’.
კიდევ ერთი ტრაგედია, რაც ირემაძეებს თავს დაატყდათ, ადმირალის გარდაცვალებიდან 2 კვირაში მოხდა. გრიგოლეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თამთა ირემაძის მეუღლე გარდაიცვალა.
მანანა ირემაძე – გიგლა ირემაძის ქვრივი: ,,ჩემი სიძე, დავით რუხაძე, საზღვაო ძალების ოფიცერი, კაპიტნის მოადგილე, გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად უცნაურად დაიღუპა: წესით, ამ ავარიის შედეგად, არავინ უნდა დაღუპულიყო, რადგან მანქანას უკანა მხარე ჰქონდა დაზიანებული, წინა კარი თავისუფლად იღებოდა. ჩემს სიძეს ყველა ძვალი დაფშხვნილი ჰქონდა… თქვეს, რომ დათო ,,ლუქიდან” ამოვარდა და მრავალრიცხოვანი ტრავმებიც ამის გამო ჰქონდა. მოგვიანებით ეჭვის დონეზე გავიგეთ, რომ ის ჯერ სცემეს და მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოახდინეს…
დღემდე მტკივნეულია იმის გახსენება, რომ ჩემის სიძის გვერდით ავარიის დროს თამთას უახლოესი მეგობარი იყო, რომელიც მას მთელი ცხოვრება გვერდიდან არ სცილდებოდა… ვგულისხმობ თათია როინიშვილს. შემთხვევის შედეგად ის არ დაშავებულა – ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა! მოგვიანებით, დედამისმა თამთას უთხრა, დილაუთენია ანერვიულებული დათო მოვიდა და თათიაც თან გაჰყვაო. როცა თამთამ მეგობარს პასუხი მოსთხოვა, რატომ აღმოჩნდი ჩემი ქმრის გვერდითო, დაემუქრა, თუ ხმას ამოიღებ და კიდევ რამეს იკითხავ, შენც გაგისწორდები და შენი ქმრის გვერდით მიგაწვენო. მისმა პირველმა ქმარმა კი, ამერიკიდან დაურეკა, და უთხრა: თუ არ გაჩუმდები ,,აგაორთქლებო”…
ადმირალის ქვრივის განცხადებით, გიგლა ირემაძის გარდაცვალებიდან ექვსი შვიდი თვის შემდეგ, ისინი დააყაჩაღეს და სახლიდან ოქროულობასთან ერთად დოკუმენტაცია გაიტაცეს.
1149211_581526065223761_1075499321_oმანანა ირემაძე – გიგლა ირემაძის ქვრივი: ,,ყაჩაღები სახლში დილის 5 საათზე შემოვიდნენ. გვეძინა. შუქი არ იყო. ჩვენს ბინას გისოსები ჰქონდა, ისინი გაჭრეს და ისე შემოვიდნენ. შავი სამოსი ეცვათ და ხელებზე გადაჭრილი, ნაქსოვი ხელთათმანები ეკეთათ: ითხოვდნენ ფულს, იარაღს და რაღაც კასეტაზე ლაპარაკობდნენ. მაშინ ნათესავის ბინაში ვცხოვრობდით, ყველაფერი წაიღეს, კასეტა, როგორც ჩანს, ვერ იპოვეს. მათ მე ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, იარაღით გამიტეხეს თავი… სახლიდან ძვირფასეულობა წაიღეს და გაფაციცებით ეძებდნენ დოკუმენტებს… მივხვდი, რომ ეს პირები არ იყვნენ უცხოები – მათ იცოდნენ, სად იდგა ჩემი მეუღლის კუთვნილი ,,კომოდი’’… რომელი უჯრა სად იყო… მე ზუსტად არ ვიცი, რა დოკუმენტაცია გაიტანეს მაშინ… ორი საათი ასე ვიყავით ე.წ. სკოჩით შეხვეული მე და ჩემი შვილი აკო. ის მაშინ 13 წლის იყო. მახსოვს, იმ დღეს ჩვენს გარდა სახლში ახლობელი, ნათესავი ბიჭიც იყო… ამ ფაქტის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, ფოთი დავტოვეთ და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. გვეგონა, თავდაცვის სამინისტრო საუწყებო ბინას მოგვცემდა, თუმცა, შევცდით.
ფოთიდან წამოსვლის წინ, ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციაში განცხადების შეტანა გადავწყვიტეთ, წერილი გავამზადეთ კიდეც, შეტანას ვერ ვასწრებდით და ვეფხვო მელქაძეს დავუტოვეთ, ჩემი ქმრის თანამშრომელს, რომელიც პანაშვიდების დროს მისი სხეულიდან ნიმუშებს იღებდა და სადღაც მიჰქონდა…
ჩვენი თბილისში გადმოსვლიდან გავიდა 2 თვე და არავინ გამოგვეეხმაურა. როცა ვეფხვოს განცხადებაზე ვკითხეთ, გვიპასუხა, შემეშინდა და პოლიციაში ვერ შევიტანეო. დღესაც ვერ ვხვდებით, რისი ეშინოდა…
ჩვენი ჯოჯოხეთი თბილისშიც გაგრძელდა. იყო შანტაჟი, რეკვები… ღამღამობით რეკავდა მამაკაცი: ,,როგორ გძინავს? შენ დედა ხარ, შვილი მოგიკლეს!”…მერე ვხვდებოდი, რომ მატყუებდნენ… უბრალოდ მაშინებდნენ. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ უცნობმა მამაკაცმა დამირეკა და მითხრა, მე ის პიროვნება ვარ, ვინც ადმირალი გარდაცვალებამდე ბათუმში სასტუმროს ნომერში ვნახეო. მომიყვა ისტორია, რომ თურმე ჩემმა მეუღლემ ტანსაცმლის მიტანა სთხოვა და ისიც ტაქსით მივიდა. კარზე დააკაკუნა, არავინ გამოეხმაურა, სახელური ჩამოსწია და კარი გააღო. ადმირალი ფართო საწოლზე იწვა… უთხრა, რომ რაღაცამ აწყინა და ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ექიმის მიყვანაზე სასტიკი უარი განუცხადა. ცოტა ხანი დარჩა, იმდენად შეუძლოდ იყო, რომ მარტო ვერ დატოვა.
როცა ამას ჩემთვის უცნობი მამაკაცი მიყვებოდა, მე ვიყვირე, ვინა ხარ, თუ კიდევ რამე ინფორმაცია გაქვს გიგლას შესახებ, შევხვდეთ-მეთქი. მიპასუხა, ამ ეტაპისთვის მეტს ვერაფერს გეტყვი. ჯერ ჩრდილში ვამჯობინებ ყოფნას, მაგრამ თუ ოდესმე რამეს წამოიწყებთ, ყველაფერს გეტყვითო’’…
ადმირალის ოჯახი იხსენებს, რომ წლების შემდეგ მათ ოჯახში „აგენტი“ შეაგზავნეს. მან თავიდანვე მოიტყუა, რომ ცოლს დაშორებული იყო და თამთასთან მეგობრობა დაიწყო. საცხოვრებლად მათ სახლში გადავიდა.
მანანა ირემაძე – გიგლა ირემაძის ქვრივი: ,,ორწელიწადნახევრის წინ სახლში შემოგვიგზავნეს აგენტი. თავიდან ის ისე მივიღეთ, როგორც ოჯახის წევრი. ჩვენთან ცხოვრობდა და სახლიდან ყველაფერი წაიღო, რაც გადაგვირჩა… ძვირფასეულობა, ანტიკვარები და ბოლოს, ბინა მოტყუებით ჩამადებინა იპოთეკაში… ეს ბინაც დაიკარგა და დღესდღეობით აღარაფერი გაგვაჩნია. ამჟამად ვართ ნაქირავებში, უმოწყალოდ დასჯილები და განწირულები…
2 წლის განმავლობაში ჩემს შვილს მოკვლით ემუქრებოდა, რამდენიმეჯერ მისი დახრჩობა სცადა. თურმე, თამთას ეუბნებოდა, დედაშენს რამეს თუ ეტყვი, შვილს მოგიკლავო… წარმოიდგინეთ, ამ დროს მე ვერაფერს ვხვდებოდი და მეგონა, რომ თამთას მასთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა… ისიც სულ ეძებდა რაღაცას… წარმოიდგინეთ, სახლიდან ჩემი მეუღლის ავტოკალამიც კი გაიტანა, რომლითაც გიგლა წერდა… მასთან ერთად, ყველა საბუთი, თუკი რამე გადაგვირჩა…ეს აგენტი რამდენიმე წლის წინ ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.
ერთადერთი დოკუმენტი, რაც გადავარჩინე, ეს იყო რუკა. მახსოვს, როდესაც ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მან ის მომიტანა და მითხრა: მანჩო, როგორც შვილებს უფრთხილდები, ისე უნდა გაუფრთხილდე ამ რუკასო… ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ეს თემა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ამომიტივტივდა და მას წლების განმავლობაში საგულდაგულოდ ვმალავდი, ხან ახლობლის მიტოვებულ სახლში, ხანაც ტანზე მქონდა შემორტყმული… ამ რუკაზე იყო დართული ჩეჩნების გადაადგილების მარშრუტები და, როგორც ვიცი, ახლა ეს თემა ნაკლებად აქტუალურია, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ ეს ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო…

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სამართლიანობის აღდგენის იმედი გაგვიჩნდა, ჩვენ ეს რუკა პროკურატურაში მივიტანეთ და გამოძიებას ჩავაბარეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი მეუღლის ლიკვიდაციის მოტივი სწორედ ეს დოკუმენტი გამხდარიყო. თუმცა შესაძლოა, სულ სხვა რამესაც ეძებდნენ… მე ხომ არ ვიცი ზუსტად, სახლიდან რა გაიტანეს და რა ეწერა იმ საბუთებში… სახლიდან დაიკარგა მისი ფოტოალბომიც. ყველგან დავძებნეთ და ვერსად ვიპოვეთ. გავიდა დრო და ალბომი, ერთ-ერთი ძარცვის შემდეგ, საძინებელში, საწოლზე დადებული დაგვხვდა. გარდა ამისა, სახლში ორი წიგნი გვქონდა: ,,ქართველი გენერლები’’ და ,,ქართველი გენერლები და ადმირალები”. ამ წიგნებმა ნათესავები შემოიარეს, მიჰქონდათ, ნახულობდნენ და უკან აბრუნებდნენ. ყველასთან დავრეკე, არავისთან აღმოჩნდა. ბოლოს, ისევ სახლში ვიპოვეთ.
ერთი კვირის განმავლობაში, აგვისტო-სექტემბერში, ყოველ დილით, მანქანაზე სისხლიანი ხუთი თითის ნაკვალევი გვხვდებოდა… ეს ისტორიები ხომ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ’’!
რაც შეეხება ადმირალის მკვლელობის ვერსიას, ოჯახმა ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ ვიქტორ ჭელიძისგან შეიტყო, როდესაც მან ბელგიიდან ხმამაღალი განცხადებები გააკეთა.
381830_318102074877090_840183348_nვიქტორ ჭელიძე – საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე: ,,თავის დროზე გიგლა ირემაძის ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია, ოჯახი არ დათანხმდა ამას მაშინ. მე თავიდანვე მეპარებოდა ეჭვი, რომ ადმირალი მოკლეს. სამხედრო ექიმს, ზაზა შალამბერიძეს ვთხოვე, ცხედრიდან ნაცხი აეღო, რომ დამოუკიდებლად გამომეკვლია ფაქტი. შალამბერიძემ და ვეფხო მელქაძემ ნიმუშები შეამოწმეს და დაადგინეს, რომ გარდაცვალება მოწამვლის შედეგად დადგა. სისხლში დარიშხანის შემცველობა იყო. მისი მოწამვლის ეჭვს უამრავი წინაპირობა მიმყარებდა: პრეზიდენტის განცხადებები, თავდაცვაში შექმნილი ვითარება, ცალკე ასლან აბაშიძის ბოლო გაფართხალება…
მახსოვს, გიგლას ბოლო პერიოდში ეშინოდა, რომ რამე დაემართებოდა. 7 წელიწადი მე და ადმირალი დროს სულ ერთად ვატარებდით, ამიტომ ბევრი რამის საქმის ყურში ვიყავი. ვიცი, რომ გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, გიგლა სააკაშვილთან იმყოფებოდა, არ ვიცი, მათ შორის რა საუბარი შედგა, მაგრამ ერთი კი მითხრა, ჩემი დაღუპვა უნდა, მგონიო. სხვათა შორის, სააკაშვილმა გიგლას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა აფხაზეთის წყლებში სხვა ქვეყნის, ანუ რუსეთის გემის ჩაძირვის ბრძანება, რომელიც დემონსტრაციულად შემოვიდა აფხაზეთში, რაც არ შევასრულეთ. გიგლამ კარგად გააანალიზა, რა მოჰყვებოდა ჟირინოვსკის, ლუჟკოვის და ა.შ. რუსი პოლიტიკოსების გემის ჩაძირვას, ეგრევე მივიღებდით აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ამიტომ ბრძანებას არ დავემორჩილეთ. არ გამოვრიცხავ, რომ გიგლას ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ამ მიზეზით მიიღეს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი სიძე დათუნა რუხაძეც მოკლულია. შესაძლოა, ჩემი ლიკვიდაციაც უნდოდათ, მაგრამ მესამე მკვლელობა ვეღარ გაბედეს… ამიტომ ჩემი მოცილება სხვა გზით გადაწყვიტეს, ჯერ დამაწინაურეს და მერე დაჭერა მომინდომეს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მე ბელგიაში ჩამოვედი და დღემდე ამ საქმის გამოძიებას ვითხოვ. ეს, პირველ რიგში, ჩემს ინტერესებშია. მრავალი წელია ოჯახი არ მინახავს და მოშორებული ვარ ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს’’.
„კვირა“ შეეცადა ვიქტორ ჭელიძის განცხადება თავად ზაზა შალამბერიძესთან გადაემოწმებინა, პირთან, რომელმაც ადმირალის ყოფილი თანაშემწის თქმით, ირემაძის ცხედრიდან ნიმუშები აიღო და დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა. ის ამჟამად გორში, სამხედრო ნაწილში მსახურობს. შალამბერიძემ „კვირასთან“ ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მას არანაირი სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.
ჟურნალისტების ზარებს არც ვეფხო მელქაძე პასუხობს, ირემაძის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, ჭელიძის განმარტებით, უშუალოდ იღებდა ცხედრიდან ნიმუშებს. ადმირალის ოჯახის თქმით, საქმეს პროკურატურასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაც იძიებს. უკვე არაერთი მოწმე დაჰკითხეს, მათ შორის ვეფხო მელქაძეც. მანანა ირემაძე აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციამ მათ სიტყვიერად განუცხადა, რომ მელქაძემ დაკითხვისას ფაქტობრივად ყველაფერი დაადასტურაო. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე, სამხედრო პოლიცია საქმის მასალებს არ ასაჯაროებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=bVogAxllsc8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები