გუდაუთელი პედაგოგის ცხოვრების გზა და აფხაზეთში გადასვენებული 105 წლის დედა

 აფხაზეთიდან დევნილმა 93 წლის პედაგოგმა, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა აფხაზეთის ომის სირთულე, დღეს ნამდვილად იცის, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ბოროტება ვერ მოერევა, სიყვარულია. მის ცხოვრებას ძნელია უწოდო ჩვეულებრივი პენსიონერის ყოფა, რადგან ყოველ დღე 5 კილომეტრს გადის და აქტიურად ვარჯიშობს. ასეთია მეგონა ქარდავას პერსონა…

– ბატონო მეგონა,   თქვენ აფხაზეთში დაიბადეთ და ბავშვობაც იქ გაატარეთ, ვიცი, რომ ეს რთული დრო იყო…
– მე დავიბადე გალის რაიონის სოფელ გუდაუთაში 1923 წელს 15 მაისს. ჩემი ბავშვობის წლები, მართლაც, ძალიან ძნელი იყო. ბავშვებს სკოლაში სწავლის ნორმალური პირობები არ გვქონდა, არ იყო  სახელმძღვანელოები და მეხუთე კლასიდან მასწავლებლები გაკვეთილებს ფურცელზე, ან რვეულში გვაწერინებდნენ. საშინელი შიმშილობა იყო. 1932- 33 წლებში  მინახავს შიმშილისაგან დასიებული, სამხრეთ რუსეთიდან გადმოსული ადამიანები. ისინი ჩვენთან იხოცებოდნენ და მათ ჩვენი სოფლის ხალხი აპატიოსნებდა. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, მეცხოვრა ისეთ ქვეყანაში,  სადაც ბავშვები ნორმალურად და ბედნიერად იცხოვრებდნენ, საშუალება ექნებოდათ, ნორმალური განათლება მიეღოთ და ერთმანეთი და სამშობლო ყვარებოდათ.  მოკლედ, ასეთ ძნელ დროს დავამთავრე ჩვენი სოფლის სკოლის სრული კურსი და  1946 წელს სწავლა გავაგრძელე ბერიას სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის  ფიზიკა – მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების მერე აფხაზეთის განათლების სამინისტროს განაწილებით მუშაობა  ოჩამჩირის  რაიონის კვითოულის რვაწლიან სკოლაში დავიწყე.  მერე 63 წელს ოჩამჩირის N3 აფხაზურ-რუსულ საშუალო სკოლაში გადავედი. ამის მერე კიდევ სხვადასხვა ადგილას  პედაგოგად ვმუშაობდი, 83 წელს კი,- პენსიაზე გავედი, ანუ მასწავლებლად  სულ 48 წელი ვიმუშავე. დევნილობაში სენაკის საღამოს ცვლის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად ვიმუშავე.
– თქვენ, ძირითადად, აფხაზეთში ცხოვრობდით და მუშაობდით. გაიხსენეთ, როგორი დამოკიდებულება გქონდათ აფხაზებთან?10370544_753204628044035_1076162179_n
– აფხაზებთან ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვედექით. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებდით და დღესასწაულებსაც ერთად ვხვდებოდით. ჩვენს სკოლაში 1600 -ზე მეტი მოსწავლე იყო და 80- მდე სხვადასხვა ეროვნების მასწავლებელი ასწავლიდა.  მათ შორის იყვნენ: ქართველი, აფხაზი, რუსი, უკრაინელი, სომეხი, აბაზგი და ჩერქეზი ეროვნების ადამიანები…  ერთმანეთში ძალიან კარგად ვიყავით. სკოლაში ურთიერთდახმარების სალარო გვქონდა, რომელსაც 3- კაციანი საბჭო განაგებდა. ისინი წყვეტდნენ, რა თანხა და რა ვადით უნდა გაეცათ. მოკლედ  კარგა ხანი, ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით.
– მერე  ცნობილი კონფლიქტი დაიწყო…
–  კონფლიქტი ჩვენს სკოლაში ერთი ადამიანის მოსვლის მერე დაიწყო. პედაგოგების სიყვარული და მეგობრობა მანამდე გრძელდებოდა, სანამ ჩვენს დირექტორად ილია აშუბა არ მოვიდა. მისი მოსვლის პირველი დღეებიდანვე სკოლაში ნაციონალური შუღლი გაღვივდა, ურთიერთობა დაიძაბა და კოლექტივიც დაიშალა. ბევრმა მუშაობა საერთოდ მიატოვა და სხვა სკოლებში გადავიდა. ამის მერე კი ქვეყანაც აირია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ერთად და ბედნიერად ვცხოვრობდით, ასე გადავემტერებოდით ერთმანეთს, მაგრამ აქ რუსების ხელი ერია… პოლიტიკამ ადამიანურ ურთიერთობებზეც იმოქმედა და მოხდა ის, რაც მოხდა… დედაჩემი 105 წლის ასაკში დევნილობაში  გარდაიცვალა… თბილისში რომ ჩამოვედი, შვილებს ასე ვუთხარი: დედაჩემი აქ უპატრონო მიცვალებული იქნებოდა და ამიტომ აფხაზეთში გადაასვენეთ- მეთქი, რაზეც მათგან უარი მივიღე. წავედი გალში, სადაც გამგებლად ჩემი ყოფილი მოსწავლე  რუსლან ქიშმარია და გალის შინაგან საქმეთა ორგანოში ალბერტ ასლანძია მუშაობდნენ. მათ  ავუხსენი ჩემი ჩასვლის მიზეზი და დედის გადასვენების ოფიციალური უფლება მომცეს.. მათი დახმარებით დედის ნეშთი სოფელ გუდავაში გადავასვენე. გუდავის სოფლის სასაფლაოზე მამაჩემი, ჩემი და და წინაპრები განისვენებენ.
– მიუხედავად ასეთი ასაკისა, ვიცი, რომ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, ყოველთვის ვარჯიშობთ…
– ნამდვილად ასეა… დამიჯერებთ, ყოველ დღე 4 -5 კილომეტრს ფეხით გავდივარ.  ყოველ დილით შხაპს ვიღებ  აბანოში და ტანს სველი პირსახოცით ვიზელ.  არ მინდა, რომ პასიურად ვიყო და სხვებივით ერთ ადგილზე ვიჯდე და მარტო ტელევიზორს ვუყურებდე. ჩემს ყოფილ მოსწავლეებს ხშირად ვხვდები, მაგრამ ბოლო დროს, ზოგიერთს ვერ ვცნობ, ზოგი მათგანი 75- 80 წლისაა, მათთან შეხვედრა და საუბარი ისე მიხარია, თითქოს ის წლები არ გასულა და ისევ იქ ვართ,- აფხაზეთში, ჩვენს სკოლაში…
–  ძალიან რთული ცხოვრება განვლკეთ, მაგრამ ვიცი, რომ თქვენს გვერდით დღემდე თქვენი საყვარელი ქალბატონი,-თქვენი მეუღლეა…10388262_753203994710765_1538262869_n
– დღეს თბილისში  ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც 90 წლისაა. ის მართლა ჩემი ცხოვრების სიყვარულია… ნუცა ნაჭყებიაზე ომის დამთავრებისთანავე, ანუ 45 წელს ვიქორწინე და მას შემდეგ ერთად ვართ… ორი შვილი –  69 და 65 წლის, შვიდი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი  გვყავს,- უფროსი შვილთაშვილი 13 წლისაა. ამ წუთისოფელში ამ მიწაზე მთავარია, რომ აქტიური ცხოვრებით და სიყვარულით  იცხოვრო, სხვა არაფერს მნიშვნელობა არა აქვს.
– ბატონო მეგონა, თქვენს უცნაურ სახელზე რას იტყვით? ალბათ ყოფილა შემთხვევა,  მის გამო უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩენილხართ?
– თქვენ წარმოიდგინეთ,  ჩემი უცნაური სახელის გამო სახალისო ან გაუგებარ სიტუაციაში არასოდეს მოვხვედრივარ. ჩემს სახელს თავისი ისტორია აქვს: 4 წლის ასაკში ჩემი უფროსი და გარდაიცვალა, შემდეგ გასულა 6 წელი და მე გავჩენილვარ. ჩემს მამიდებსა და დეიდებს უთქვამთ: ჩვენ არ გვეგონა, რომ ბავშვი კიდევ დაიბადებოდაო. ამიტომ მეგონა დამარქვეს.  ჩემს მომდევნო ძმებს კი ჩვეულებრივი სახელები: არჩილი და ნოდარი ქვიათ.
– დარწმუნებული ვარ, გაქვთ პასუხი კითხვაზე:  რა არის სამშობლო თქვენთვის?
– სამშობლო ჩემთვის ყველაფერია,-  საქართველოს სიყვარულიაა, რომ დღემდე მოგვიყვანა. მიუხედავად  ჩვენი ხანდაზმულობისა, იმ იმედით ვსულდგმულობთ, რომ საქართველო ისევ გამთლიანდება და ჩვენც ისევ დავუბრუნდებით აფხაზეთში დარჩენილ  ჩვენს ოდა-ბუდეს…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები