ბიძინა გეგიძე: თბილისის მერია მეწყერსაშიში უბნების განაშენიანებასთან დაკავშირებით მშვიდ პოზიციას არ იცვლის
ფრაქცია ,,ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” წევრი ბიძინა გეგიძე ჟვანიას ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტსა და საკანდელიძის ქუჩის მიმდინარე საფრთხეებზე განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, ქალაქის მუნიციპალიტეტი არ იცვლის მშვიდ პოზიციას მეწყერსაშიში უბნების განაშენიანებასთან დაკავშირებით, მოსახლეობა კი სიცოცხლისათვის საშიში მშენებლობების წინაშე კვლავ დაუცველი რჩება.
,, ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორია, ნინო ჟვანიას ქუჩა რომ გეოსაშიშროების მაღალი რისკის ზონას წარმოადგენს, არაერთი რეკომენდაციით, კვლევით, ახლა კი უკვე ფაქტებით დასტურდება. როგორც ჩანს, ხსენებულ არეალში მშენებლობების შეზღუდვასთან დაკავშირებით გაცემული მთელი რიგი რეკომენდაციები, მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შიშები მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, არ აღმოჩნდა საკმარისი საფუძველი განგრძობადი განაშენიანების მიმართ მიდგომების შესაცვლელად.
უკვე კვირაზე მეტი გავიდა, რაც ქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველა რაციონალური მიმართვის უგულებელყოფამ მიგვიყვანა ჟვანიას ქუჩაზე კლდის მასების ჩამონგრევამდე. ფაქტია, ხსენებულ ტერიტორიებზე მშენებლობების შეზღუდვისათვის არ გახლდათ საკმარისი ჰიდროლოგიური თუ გეოლოგიური კვლევების საფუძველზე შეფასებული საფრთხეები. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, წარმოუდგენელიც კი იყო, რომ დაბეტონებული მდინარის ხეობის მიმდებარედ, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების შედეგად კლდის ჩამონგრევას და გაზის გაჟონვას, უკვე პრაქტიკად ქცეული სიმშვიდითა და უმოქმედობით შეხვდებოდა ქალაქის ხელმძღვანელობა.
როგორც ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე აცხადებს, „თბილისის მერია კვლავ ჯიუტად არ ითვალისწინებს ბუნებრივ რისკ-ფაქტორებს. მიმდინარე მშენებლობების შედეგად ნიადაგის ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების პროვოცირების მიუხედავად, მერია ინარჩუნებს ფორმალიზებული, თუმცა მოსახლეობის სიცოცხლისათვის საშიში, ყველა საზოგადოებრივი ნორმითა და წესით დასაგმობი ქმედებების მიმართ მშვიდ დამოკიდებულებას. არ ჩანს რადიკალური, მკაფიო ნაბიჯების გადადგმის ნიშან-წყალიც კი, სახეზეა უმოქმედობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვერეს ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა ვერ გვიჩვენა, თუ რა დონის უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია მიზანმიმართულ თუ შეუცნობელ გულგრილობას ფაქტობრივად ასაკრძალი ქმედებების მიმართ.“
კლდის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა უშედეგოდ ცდილობს გამგეობისა და შესაბამისი სამსახურების ყურადღების მიპყრობას მიმდინარე განაშენიანების შედეგად მოსალოდნელი საფრთხეებისაკენ. მიმართვების განხილვა და რეალური ნაბიჯების გადადგმა კი ჭიანურდება ბიუროკრატიული პროცედურებით, რომლებიც ფაქტია, არანაირად არ შეესაბამება არსებულ ფორს-მაჟორულ ვითარებას.
ქაოტური განაშენიანების პრაქტიკა რომ ჯიუტად გრძელდება, კიდევ ერთხელ დასტურდება ბაგებში, ე.წ.„მეტრაპარკის“ დასახლების ტერიტორიაზე, რეკრეაციულ ზონებსა და მეწყერსაშიშ ადგილებში მიმდინარე მშენებლობების მაგალითზე. უახლოეს დღეებში, ხსენებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი, რიგით 21-ე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გაიცა. ამ კონკრეტული მშენებლობის დასაწყებადაც იგეგმება მიმდებარე მთის ნაწილის მოჭრა, რაც არ ვიცით, თუ რა მასშტაბით გამოიწვევს მწვანე საფარისა და არსებული ხე-ნარგავების განადგურებას.
საინტერესოა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან იკვეთება არაერთგვაროვანი მიდგომები მშენებლობების ნებართვების გაცემასა და ახალი გენ-გეგმის შესაბამისად ზონირებების შეცვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას ქუჩაზე არსებობდა გრგ, ახალმა გენ-გეგმამ შეცვალა ხსენებული ქუჩის სტატუსი და ზონირება. ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ვრცელდება იგივე მიდგომა „მეტრა-პარკის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით? უცნაური დამთხვევაა საკანდელიძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა გენ-გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე. ფაქტია, რომ ხსენებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, აშკარად შესაძლებელი იყო მოსახლეობის თხოვნისა და ინტერესების გათვალისწინება დაახალი მშენებლობების შეზღუდვა გენ-გეგმის საფუძველზე მისთვის ზონისა და სტატუსის შეცვლის გზით.
საბოლოოდ, აღწერილ ვითარებასა და მოცემულობას სწორედ მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს კითხვებამდე მივყავართ: უნდა იყოს თუ არა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო უკვე არსებული სამართლებრივი ნორმების მიმდევარი, იმ შემთხვევაშიც, თუ დღეს არსებულ ნორმებს მოსახლეობისათვის საშიში შედეგები მოაქვს? არსებობს რეალური პოლიტიკური ნება, შეიცვალოს მანკიერი პრაქტიკა და სამართლებრივი ჩარჩოსა თუ გენერალური გეგმის მიმართულებების მორგება სწორედ ხალხის, საზოგადოების საუკეთესო ინტერესებზე მოხდეს?,”- ნათქვამია განცხადებაში.