დიმიტრი ხუნდაძე: 4 ოქტომბრისთვის მმართველი გუნდი ემზადება, რომ დააფიქსიროს მაღალი შედეგი, ოპოზიცია კი ემზადება, რომ აურზაური აიყვანოს პიკში, რაც გამორიცხულია – თუ იქნება მშვიდობიანი დამხობის მცდელობა, ხელისუფლების მხრიდან იქნება მშვიდობიანი კანონის აღსრულება
„4 ოქტომბრისთვის მმართველი გუნდი ემზადება, რომ საარჩევნო პროცესი წარმართოს იმდაგვარად, რომ დააფიქსიროს მაღალი შედეგი, მაგრამ ოპოზიცია ემზადება, რომ 4 ოქტომბერს რამენაირად აურზაური აიყვანოს პიკში და მხოლოდ ამ გზით შეძლონ საკუთარი პოლიტიკური სარგებლის მოპოვება, მაგრამ ეს გამორიცხულია“- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, ხელისუფლება მობილიზებულია, რომ კანონი აღსრულდეს.
„თუ მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, მათ უნდა ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან. ისინი უნდა დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებში და საუბრობდნენ საარჩევნო პროგრამით ამომრჩეველთან და არა ის, რომ ბრიუსელსა და ამერიკაში ეძებდნენ რევოლუციისთვის სასურველ თანხებს, სასურველ სცენარებს და მერე ამ სცენარებს მიჰყვნენ. აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური მომავალი არის განწირული. მათ მხარდაჭერა არ ექნებათ შიგნით, მაგრამ გარედან მხარდაჭერით ისინი შედეგზე ვერ გავლენ.
ხელისუფლება არა მხოლოდ 4 ოქტომბერს იქნება მობილიზებული, არამედ ყოველდღეა მობილიზებული, რომ საქართველოში კანონი აღსრულდეს. თუ იქნება მათი მშვიდობიანი თუ არა მშვიდობიანი დამხობის მცდელობა, ხელისუფლების მხრიდან იქნება მშვიდობიანი კანონის აღსრულება. ეს გარანტია შეგვიძლია მივცეთ 4 ოქტომბერსაც და ეს გარანტიები იქნება ხუთშიც, ექვსშიც, მანამდეც და მას შემდეგაც“- აცხადებს ხუნდაძე.