ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იოსებ იმედაშვილის წიგნის –  „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ წარდგენა გაიმართება

26 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, დამოუკიდებლობის დარბაზში, იოსებ იმედაშვილის წიგნის –  „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ პირველი ტომის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ შედგენისა და გამოცემის იდეა მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, იოსებ იმედაშვილს, ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს გაუჩნდა, როცა სახალხო წიგნების გამოცემას შეუდგა. ხოლო 1904 წელს, ქართულ ენაზე პირველად დაბეჭდილ „უცხო სიტყვათა ლექსიკონს“ პირველი განცხადებაც დაურთო, რომელშიც მისი სურვილი გაცხადდა. იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი კითხვარი საგანგებოდ დაეგზავნა მათ, ვისაც ის ეროვნულ მოღვაწეებად მიიჩნევდა. შესაბამისად, ლექსიკონში შეტანილი მასალების პირველწყაროდ, უმეტესად, თავად ლექსიკონში შეყვანილი პირები გვევლინებიან და, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების გარდა, წიგნში ბევრი ფართო, საზოგადოებისთვის უცნობი ცნობაც შევიდა. ლექსიკონი შეიცავს 3 ათასამდე ბიოგრაფიას, რომელიც დაწერილია ავტორისათვის დამახასიათებელი ექსკლუზიური სტილითა და ფორმით.
„ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონზე“ იოსებ იმედაშვილი გარდაცვალებამდე, 1952 წლამდე მუშაობდა და ამაოდ იბრძოდა მის გამოსაცემად. ავტორის სიცოცხლეში წიგნი რამდენჯერმე მომზადდა დასაბეჭდად. ჯერ 1918 წელს იგეგმებოდა მისი გამოცემა, მოგვიანებით – 1940 და 1947-48 წლებში; თუმცა, ყოველი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.
„ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ I ტომი საქართველოს 1801-1952 წლების პერიოდის იმ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს მოიცავს, რომელთა გვარები ა, ბ, გ, დ ასოებით იწყება. ამ ბიოგრაფიებს ახლავს მოღვაწეთა სრული ბიბლიოგრაფიებიც. წიგნის რედაქტორია ქეთი გზირიშვილი, ყდის გაფორმება მხატვარ გიორგი წერეთელს ეკუთვნის.
სარედაქციო კოლეგიის წევრია ავტორის შვილიშვილი კობა იმედაშვილი, რომლის უშუალო თანადგომითაც მოახერხა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ უმნიშვნელოვანესი გამოცემის მომზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები