“თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულად, ეს არ არის ენა, რომელიც გვაერთიანებს”, – პრეზიდენტმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს “ნოვრუზ ბაირამი” მიულოცა (ფოტოკოლაჟი)

“ძალიან ვწუხვარ, როცა აქ, თქვენთან, ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა. მინდა, მეტი ურთიერთობა იყოს. მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე – ეს გამორიცხულია, რადგან ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გარდაბანში შეკრებილ მოსახლეობას, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები “ნოვრუზ ბაირამის” დღესასწაულს ზეიმობენ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისასალმებელია, როცა ქვეყანაში, სიახლის შემოსვლასთან ერთად, გრძელდება ძველი ტრადიციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის საყრდენია. ​„მე აქ სტუმარი არ ვარ. აქ მე ვარ მასპინძელი ისევე, როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში. მე ვარ ჩემს სახლში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ. შემიძლია, თქვენთან ერთად ვიზეიმო ეს მშვენიერი დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ, რომ აგრძელებთ ტრადიციებს. ამის გარეშე ადამიანი და საზოგადოება ვერ იზრდება. უნდა გავუფრთხილდეთ ტრადიციებს და გავაგრძელოთ. ეს არის, ნამდვილად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი. ასევე, ამ ჩვენი იდენტობის მთავარი ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა. ამით მოდიოდა საქართველო საუკუნეების მანძილზე. ეს ღირებულება დღეს სუსტდება მსოფლიოში და ჩვენთანაც. ზოგჯერ არ გვესმის ამ ღირებულების მნიშვნელობა ბოლომდე. ამის გარეშე ვერც ვიცხოვრებთ, ვერც სახელმწიფოს ავაშენებთ, ვერც წინ წავალთ და ვერც განვვითარდებით. ძალიან ამაყი ვარ და ამას ვამბობ მთელს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება. სადაც სხვადასხვა წარმოშობის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ ისე, რომ მათ შორის კონფლიქტი კი არა, არანაირი უთანხმოება არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
​მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რა პარტიას, რა რელიგიას, რა ეთნიკურ წარმოშობასაც უნდა ეკუთვნოდეს, მხოლოდ ერთი მომავალი აქვს – ეს არის საერთო მომავალი. „ეს საერთო მომავალი დაფუძნებულია იმაზე, რომ ერთი ენა გვაკავშირებდეს. ძალიან ვწუხვარ, როცა აქ, თქვენთან, ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა. მინდა, მეტი ურთიერთობა იყოს. მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე – ეს გამორიცხულია, რადგან ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს. მე შემიძლია, აზერბაიჯანულად რამდენიმე სიტყვა ვისწავლო და გითხრათ – „ნოვრუზ ბაირამ იზინ მუბარაკ“ და კიდევ მეტს ვისწავლი. მაგრამ თქვენი, ახალგაზრდების მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ; ამავე დროს, თქვენ აგრძელებდეთ თქვენს ტრადიციას, ინარჩუნებდეთ თქვენს ენას, თქვენს სიმღერებს, თქვენს ცეკვებს. ეს ყველაფერი საქართველოს ის სიმდიდრეა, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნებს რაღაც პატარა ხინჯი, ეჭვიანობაც კი აქვთ, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ამას ისე, როგორც ჩვენ ერთად ვახერხებთ. ასე რომ, ეს თანაცხოვრება გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და, სამომავლოდ, ვიყოთ სამაგალითო ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს გააკვირვებს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები