მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვას აღმოსავლეთ საქართველოში განაგრძობს.
საკონსულტაციო შეხვედრას მცხეთაში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა და მისი მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანთან ერთად უძღვებოდნენ.
ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს, ასევე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის ძირითად პრინციპები გააცნეს, რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით დეცენტრალიზაციის რეფორმაში უნდა იქნეს გათვალისწინებული.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტის განხილვას მცხეთა – მთიანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირველ პირებთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ანალოგიური შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა, რის შემდეგაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია შეაჯამებს მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები