„რე-ანიმაცია“: ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიმართება
22-28 მარტს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი, 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმის ჩვენებას უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში აღდგა.
როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, „რე-ანიმაცია“ ჰქვია ანიმაციური ფილმების ციფრული აღდგენის პროექტს, რომელიც მულტფილმების ეტაპობრივ აღდგენას, ორიგინალური სახის შენარჩუნებას, მაღალი ხარისხის ასლების დამზადებასა და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„გაწითლებული და გავარდისფრებული გამოსახულება, ნაკაწრები, ჩაბნელებული და გადანათებული ეპიზოდები, უხარისხო ხმა – გასულ საუკუნეში გადაღებული ქართული ანიმაციური ფილმები, რომლებსაც ტელევიზიით აჩვენებენ, ან ინტერნეტსივრცეშია განთავსებული, სწორედ ამ ფორმით დამკვიდრდა მაყურებლის მეხსიერებაში. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მაყურებელს პირველად ეძლევა საშუალება, დიდ ეკრანზე პირვანდელი სახით უყუროს ქართულ მულტფილმებს“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამის კურატორები: გიორგი კაკაბაძე, გიორგი ხარებავა; ციფრული აღდგენა: გიორგი კაკაბაძე, შალვა მიქუტიშვილი.
ნაჩვენები იქნება:
„წუნა და წრუწუნა“. რეჟ. არკადი ხინთიბიძე, გაბრიელ ლავრელაშვილი. 1962;
„ბომბორა სწავლას იწყებს“. რეჟ. კარლო სულაკაური. 1973;
„სახლობანა“. რეჟ. ვახტანგ ბახტაძე. 1973;
„საზამთრო“. რეჟ. კარლო სულაკაური. 1974;
„თერძი ბესო“. რეჟ. ლუის ფერნანდესი. 1977;
„ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“. რეჟ. ვახტანგ ბახტაძე. 1983;
„ყარყატის შვილობილი“. რეჟ. დიმიტრი პეტკოვი. 1985;
„სანუკვარი ოცნება“. რეჟ. კონსტანტინე მაცაბერიძე. 1989;
„მძლეთამძლე“. რეჟ. ამირან ისიანი. 1991.
სეანსის ხანგრძლივობა: 90 წუთი.
დასწრება თავისუფალია!