საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე–აღწერითი სამუშაოები დასრულდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორებმა აღწერითი სამუშაოები დაასრულეს. სულ, 45 სოფელში აღწერილია 17 137 მიწის ნაკვეთი, 31 762 შენობა-ნაგებობა, 17 137 სამისამართო ერთეული, 1 054 ინტერესის ობიექტი და 824 საგზაო ნიშანი. ამჟამად საველე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს.
სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების საველე აღწერა ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია. პროექტის პირველ ეტაპზე, ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სოფლებში პლანშეტური კომპიუტერებით გამოყენებით მუშაობენ და როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს ერთიანად, ციფრულ ფორმატში აღწერენ.
„ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებასა და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მოწესრიგებულ სამიმართო სისტემას – მოსახლეობითვის ისეთი სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები