„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში 9 მარტს, ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

საქმეზე სულ რვა პირი არის დაზარალებულად ცნობილი. ბრალდების მხარის მთავარი არგუმენტი მოწმეთა შესაძლო მიმალვა, მტკიცებულებების განადგურება და მოწმეებზე ზეგავლენა იყო.

ბრალდების მხარის განცხადებით, ლუკა გობეჯიშვილს ადრე ქურდობისთვის განრიდება აქვს გაკეთებული, რაც შეეხება არსენ მარტაშვილს, ის წარსულში ნარკომომხმარებელი იყო. პროკურორის განმარტებითვე, გამოძალალული თანხის ოდენობა უმეტესად, ხუთ და 10 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ბრალდებულების ადვოკატებმა მედიასთან სხდომის შემდეგ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

არსენ მარტაშვილის ადვოკატმა, მზია კობერიძემ სასამართლო  სხდომაზე თქვა, რომ „ე.წ. დაზარალებულს ჯარში უარყოფითად ახასიათებდნენ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კი, დადებითად.” ადვოკატის თქმით, შესაბამის მტკიცებულებებს ისინი სასამართლოზე წარადგენენ. როგორც კობერიძე ამბობს, აღნიშნული საქმე შეთხზულია და რეალურად არაფერი მომხდარა, მხოლოდ პატარა ინციდენტი.

გამოძიება ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 181 მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს და ასევე, 386 მუხლის, მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის ჯგუფურად დარღვევას ითვალისწინებს.

დაზარალებული ქიაზიმ გახრამანოვი ამბობს, რომ ინციდენტში სულ ხუთი რიგითი და ერთი სერჟანტი მონაწილეობდა. წვევამდელი კონფლიქტში მონაწილე ყველა პირის დაკავებას ითხოვს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები