ბაღდათის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივის სამდივნოს თანამშრომელთა გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულად გამოცხადდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივის სამდივნოს თანამშრომელთა გაცვლით პროგრამაში – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გამარჯვებულად გამოცხადდა. პროგრამის მიზანი M4EG- ის მოქმედი წევრების ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარების გეგმის (LEDP) განხორციელებაში მხარდაჭერა და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებაა.
როგორც “კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში, ბაღდათში დანიიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის, კრისტიან პლილის დახმარებით, ღვინისა და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ფესტივალის ღონისძიებები დაიგეგმება და ქმედებების განხორციელების გრაფიკი გაიწერება.
“ბატონი კრისტიანი გაგვიზიარებს დანიის სამეფოში, ბომჰოლმის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ფესტივალების ჩატარების გამოცდილებას, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 ვიზიტორი ჰყავს. თანამშრომელთა გაცვლითი ვიზიტით დანიიდან ჩამოსული პრაქტიკოსი ექსპერტი ბაღდათში ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფს გააცნობს ღვინისა და ნატურალური პროდუქტების ფესტივალების ჩატარების წარმატებულ მაგალითებს, მისი პრაქტიკული რჩევების გამოყენებით ჩასატარებელი ფესტივალი ეფექტურად დაიგეგმება, განხორციელებაზე პასუხისმგებელი პარტნიორების მიხედვით, გაიწერება ღონისძიებებისა და ქმედებების გრაფიკი. განიხილავენ ფესტივალზე უცხოელი ტურისტების მოზიდვა-დაინტერესების მექანიზმებს. გამოცდილების შესწავლა და ევროპული სტანდარტების გაზიარება-დანერგვა, სწორად დაგეგმილი ღონისძიების განხორციელება მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება ადგილობრივი მწარმოებლების, ღვინის მარნების, საოჯახო სასტუმროების, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისა და სხვა ეკონომიკურმა აქტიორებისთვის. გაიზრდება მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი ნატურალური პროდუქციის ცნობადობა.
პროგრამაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან 50 განაცხადი იყო შესული. საკონკურსო კომისიის მიერ გამოცხადდა 9 გამარჯვებული, აქედან ერთი ბაღდათის მუნიციპალიტეტია“,-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.