სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 1 პირი დააკავა, 4 კი ამხილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გ, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ო., კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მ. და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა პ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. ამავე კომისიის თავმჯდომარე ზაზა გ-მ და კომისიის წევრებმა, სამველ ო-მ, გელა მ-მ და მამუკა პ-მ სამსახურებრივი  მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო, არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით, დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები