ხულორდავა მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: თუ ტურისტული კომპანია კეთილსინდისიერად საქმიანობს, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

0

კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით განვიხილეთ, ითვალისწინებს, რომ პირები, ვინც წინასწარი შეცნობით და ფინანსური ინტერესის მიზნით ხელს უწყობენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩნენ, გარკვეული სანქციების ქვეშ ექცევიან, – ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.
არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გარკვეული კითხვები გაჩნდა, რადგან საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრაციის ტალღა გაიზარდა.”ევ
როპელი პარტნიორები საქართველოს მიმართ დიდი კეთილგანწყობით არიან და მხარს გვიჭერენ, რომ უვიზო მიმოსვლას რამე საფრთხე არ დაემუქროს და შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. თუმცა ასევე გვთხოვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ და სახელმწიფოს ნება ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკანონო მიგრაციას არ ვახალისებთ. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით განვიხილეთ ითვალისწინებს, რომ პირები, ვინც წინასწარი შეცნობით და ფინანსური ინტერესის მიზნით ხელს უწყობენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩნენ, გარკვეული სანქციების ქვეშ ექცევიან”, – აცხადებს ხულორდავა.
მისი თქმით, პირველი ნაწილი ნაკლებად მძიმე დანაშაულია. შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სტრუქტურის მიხედვით, დამამძიმებელი გარემოებებია გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა იზრდება და მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადადის. პირველ შემთხვევაში 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. შემდეგ კი 3-დან 6 წლამდე.
ხულორდავას თქმით, კანონის ამოქმედება საფრთხეს არავის არ შეუქმნის, მათ შორის არც ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ფარგლებში საქმიანობენ.
„თუ ტურისტული კომპანია კეთილსინდისიერად საქმიანობს, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ საკითხზე წუხილები სრულიად უსაფუძვლოა. გასაგებია, რომ ტურისტული კომპანიების მხრიდან ფინანსური ინტერესი შესაძლოა, იყოს და ამასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს. მაგრამ აქ მეორე პირობაც უნდა იყოს: მან უნდა იცოდეს და წინასწარი შეცნობით უნდა აკეთებდეს რამეს იმისთვის, რომ უკანონო მიგრაციას ხელი შეუწყოს. ეს პირობა კეთილსინდისიერი ტურისტული კომპანიების შემთხვევაში, არ იქნება და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი