დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო “ბოლნისი” დაემატა

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“ დარეგისტრირდა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი.
“სიახლე გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა. მინდა თითოეულ ბოლნისელს მივულოცო წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს ყოველივე ჩვენს მოსახლეობას მისცემს სტიმულს, ღვინის წარმოება, რომელიც ბოლნისის მრავალწლიანი ტრადიციაა, კიდევ უფრო გაფართოვდეს, რაც ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურად გააძლიერებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
მისუი ტქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ვაზის ჯიშებისა და მათგან წარმოებული ღვინოების დიდ პოტენციალზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანებამ „ბოლნური ღვინო“ შეიმუშავა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ბოლნისის“ წარმოების სპეციფიკაცია და მისი დარეგისტრირების მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ მიმართა.
ცნობისთვის, “ბოლნისი“ − მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები