აშშ-ის დეპარტამენტი: დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აძლევს „სამხრეთ ოსეთში” ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად შესვლის უფლებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანების უფლებების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 47 გვერდი საქართველოს ეთმობა.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ რუსეთისა და დე ფაქტო მთავრობების მიერ ქვეყნის მოქალაქეების თვითნებური დაკავება და მათი სიცოცხლის ხელყოფა ხდება.
დე ფაქტო მთავრობები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში ცენტრალური მთავრობის კონტროლს კვლავაც არ ექვემდებარებოდნენ. ისინი სარგებლობდნენ მხარდაჭერით რუსეთის ჯარებისგან, რომლებიც რამდენიმე ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა, და მესაზღვრეებისგან, რომლებიც ამ ტერიტორიების ოკუპაციას ახდენდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 2008 წლიდანაა. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავდნენ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, ვინაიდან რეგიონზე წვდომა შეზღუდულია, თუმცა დარღვევების შესახებ განცხადებები მუდმივად ისმოდა.
დე ფაქტო მთავრობები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურ ქართველებს, არჩევნების გზით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, საკუთრების ფლობის, ბიზნესის რეგისტრაციისა და გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდნენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა 2008 წლის კონფლიქტის დროს განდევნილი ქართველების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა, თუმცა ახალგორის მოსახლეობისათვის სპეციალური სასაზღვრო პუნქტი მაინც მოეწყო. დე ფაქტო მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლისა და ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის საშუალებას არ აძლევდა. გრძელდებოდა ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის მიერ წარმოებული „ბორდერიზაციისა” და თავიანთი თემებისა და შემოსავლის წყაროებისაგან ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციის პროცესი.
მოიპოვება, სულ მცირე, ერთი ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლებებმა ერთი თვითნებური თუ უკანონო მკვლელობა ჩაიდინეს.
თებერვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ეთნიკურად ქართველი ყოფილი ჯარისკაცი არჩილ ტატუნაშვილი დააკავა. ტატუნაშვილი პატიმრობაში გარდაიცვალა. თავიდან დე ფაქტო მთავრობამ მისი ნეშტის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, თუმცა მარტში მიცვალებული საქართველოს მთავრობას მაინც გადაეცა. გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ორგანოები ამოცლილი იყო, რის საფუძველზეც მთავრობამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი ნაწამები იყო.
ივნისში მთავრობამ შეადგინა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელსაც სახელი ტატუნაშვილის და კიდევ ერთი მოქალაქის, 2016 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, გვარების მიხედვით დაერქვა. სიაში ჩამოთვლილია ადამიანის უფლებების სავარაუდო დამრღვევი 33 პირი, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების წინააღმდეგ სერიოზულ დანაშაულებში ედებათ ბრალი. მთავრობამ ამ 33 პირს დაუწესა სანქციები, რომლებიც მათ ფინანსებზე, ქონებასა და გადაადგილებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები