აშშ-მა რუსულ-ვენესუელურ ბანკს სანქციები დაუწესა
აშშ-მა რუსულ-ვენესუელურ ბანკს სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შემზღუდავი ზომები დაუწესდა „ევროფინანს მოსნარბანკს“, რომელიც ერთობლივად რუსულ და ვენესუელურ სახელმწიფო კომპანიებს ეკუთვნის.
ბანკს სანქციები აშშ-ის მთავრობის დადგენილების შესაბამისად დაუწესდა, რომელიც შემზღუდავი ზომების დაწესებას ითვალისწინებს იმ ფინანსური დაწესებულებების წინააღმდეგ, რომლებიც ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მატერიალურ, ფინანსურ ან ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებენ.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ნიკოლას მადურო სახელმწიფო ნავთობკომპანიას კორუფციისა და ფულის გათეთრების მიზნით იყენებს.
„მადუროს არალეგიტიმური რეჟიმი სარგებელს იღებს ვენესუელელი ხალხის ტანჯვისგან. დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ აშშ იმოქმედებს იმ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ მადუროს უკანონო რეჟიმს, ხელს უწყობენ ეკონომიკურ კოლაფსსა და ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელსაც ვენესუელელი ხალხი განიცდის“, -განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა.