ბესელია დოლიძეს ურჩევს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი წაიკითხოს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას ეხმაურება და ურჩევს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი წაიკითხოს.
„ვემხრობით იმას, რომ ე.წ. გრძელი სია იყოს, ანუ იმაზე მეტი კანდიდატი, ვიდრე ვაკანტური პოზიციაა, რათა პარლამენტს მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. იუსტიციის საბჭომ არასასურველი კანდიდატები ვერ უნდა დაბლოკოს, პარლამენტმა ყველა კანდიდატი ნახოს, ვინც კი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და უნდა გადაწყვიტოს, ვის აირჩევს. კვორუმი შემოგვაქვს, როგორც ახალი, დამატებითი კრიტერიუმი, რათა არამოსამართლე წევრების ხმები იყოს გათვალისწინებული. ამით ინტერესთა კონფლიქტს გამოვრიცხავთ. ვისაც კანონპროექტი ჯერ არ წაუკითხავს, ვურჩევ, წაიკითხოს, მათ შორის, არამოსამართლე წევრებს. ანა დოლიძის კომენტარი ვნახე, რომელსაც აბსოლუტურად არასწორი შეფასება ჰქონდა. მას ეს პროექტი ჯერ არ უნახავს და უმჯობესია, ჯერ წაიკითხოს და შემდეგ შეაფასოს, რადგან ერთობლივად არის შემუშავებული როგორც ადგილობრივი იურისტების, ასევე საერთაშორისო პატრნიორების მხრიდან. მხარს არც კობახიძისა და ჩინჩალაძის პროექტს დავუჭერთ და არც სააკაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს. ჩვენი ინიციატივა არის პროგრესული და ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მაღალი კვალიფიკაციისა და სანდო მოსამართლე ჰყავდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივები ძალაში ტოვებს კლანის ძალაუფლებას.
მისივე თქმით, სახეზეა „ოცნება ერთისა“ და „ოცნება ორის“ განცხადებები და არცერთ ინიციატივაში არ არის გათვალისწინებული რადიკალური ცვლილება. ანა დოლიძის ვარაუდით, ორივე კანონპროექტში შეტანილი პროგრესული ცვლილებები მისი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივიდანაა აღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები