ადვოკატი: თუ წერილი არ აქვს მართლაც მიღებული, რა ლოგიკა უნდა ჰქონდეს ხაზარაძეს, რომ წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენოს თავი

,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, გიორგი გახარიასგან მიღებულ წერილზე საუბრის დაწყებამ ფონი თავად მამუკა ხაზარაძისთვისაც დაამძიმა.

მისი თქმით, თუ ხაზარაძეს რეალურად წერილი მიღებული არ აქვს, რატომ დაიწყებდა მასზე საუბარს იმ მოცემულობაში,როცა წერილი არ არის ხელმოწერილი და შესაძლოა, წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენოს თავი. ადვოკატის განმარტებით, მამუკა ხაზარაძემ უბრალოდ გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა.

ამ განცხადებით კორძაძემ უპასუხა „პოლიტმეტრის“ წამყვანის შეკითხვას -იყო თუ არა რისკი წერილზე საუბრის დაწყება, რომ შეიძლებოდა უკან შემობრუნებოდათ, როგორც მოგონილი?“

„ვინმეს ვინმესთვის რაიმეს დაბრალება რომ უნდოდეს, ეს ტექსტი ცოტა სხვანაირი არ იქნებოდა? წერილის არმიღების შემთხვევაში, რა ლოგიკა უნდა ჰქონდეს ხაზარაძეს, რომ წერილზე დაიწყოს საუბარი, რომელიც არ არის ხელმოწერი და წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენოს თავი გარდ აიმისა, რომ მართლა მიიღო წერილი და მეორე ლოგიკა, ხომ არ გვაქვს საქმე სიმართლესთან, რომელიც მამუკა ხაზარაძემ უბრალოდ არ დაფარა და თქვა ის, რაც იყო“,-განაცხადა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი.

პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოჰყვა მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და იგი დაუყოვნებლივ იქნა გამოსაკითხად გამოძახებული პროკურატურაში, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის გამოც 2019 წლის 5 მარტს იგი მოწმის სახით დამატებით დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

“მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო”,-აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები