სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში “ნაცმოძრაობა” არ დაესწრება

ხვალ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” არ დაესწრება. როგორც “ნაცმოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ისინი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
“არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტში მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები