პროკურორი: მამუკა ხაზარაძეს საკუთარი განცხადების განმარტება მოეთხოვება

თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, დღევანდელ დაკითხვაზე ხაზარაძეს კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადების განმარტებას მოსთხოვენ.
პროკურორის თქმით, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვაზე საკუთარი განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს.
პროკურორმა განმარტა, რომ სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხაზარაძემ გამოძიებას შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილის მიღების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
,,მამუკა ხაზარაძის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, მას გამოკითხვისას ასეთი განმარტება არ გაუკეთებია. მან მხოლოდ იმის შესახებ ისაუბრა, რომ მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც მითითებული იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში, მამუკა ხაზარაძეს განმარტებას მოვთხოვთ იმის შესახებ, რაც მან საპარლამენტო კომიტეტის დროს განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან და მოვთხოვთ აღნიშნული წერილის და ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მამუკა ხაზარაძემ დააფიქსირა, რომ მან მიიღო წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან, მუქარის წერილი არ შეესაბამება სინამდვილეს. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნული განცხადების ფარგლებში გაგვიჩნდა დამატებითი შეკითხვები მამუკა ხაზარაძესთან”, – განაცხადა პროკუტრორმა გამოკითხვაზე შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დეპუტატების კითხვებს პასუხობდნენ, შს მინისტრის მიმართ ახალი ბრალდება გახმაურდა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე შს მინისტრი გიორგი გახარია რეპუტაციის შელახვით ემუქრებოდა.
ამასთანავე, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მან მუქარის წერილის შესახებ ინფორმაცია პროკურორებსაც მიაწოდა. თუმცა, მას საგამოძიებო უწყებაში კითხვები არ დაუსვეს:
“საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე საქმე არ აღიძრა, არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ, არა თუ დაინტერესდა, არათუ საქმე აღიძრა, არამედ 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის პირველი ზარალი მოგვიტანა,” – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები