ზაალ ანჯაფარიძე: არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული შიდაპარტიული კრიზისი ემუქრება

არ ვფიქრობ რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაც სერიოზული შიდაპარტიული კრიზისი ემუქრება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანჯაფარიძე მმართველ პარტიაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
„ის პროცესი, რომელიც ახლა „ქართულ ოცნებაში“ მიდის, ერთის მხრივ, პარტიისთვის არის დამაზარალებელი, იმიტომ, რომ მას ტოვებენ წევრები, ზოგიერთი მათგანი მიდის კარის გაჯახუნებით და აქედან პარტიას გარკვეული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი ადგება. თუ მეორე კუთხით შევხედავთ ამ პროცესებს, გაყრის პროცესი, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, არის პოზიტიური შანსი „ქართული ოცნებისთვის“, რომ რეალურად ღირებულებებზე, იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს. რამდენად მოახერხებს ამას, დავინახავთ უახლოეს მომავალში, იმის მიხედვით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით პარტიის ლიდერი.
რაც შეეხება კრიზისს, მე არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას და მმართველ ძალას, რაღაც სერიოზული შიდაპარტიული კრიზისი ემუქრება. მაგრამ, ამის ალბათობა არსებობს თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გადადგა ის ნაბიჯები, რაც პარტიაში მდგომარეობის გამოსწორებისთვის არის საჭირო. ამისთვის აუცილებელია, პარტიაში ინტერესების დაბალანსება. ეს არის უახლოეს მომავალში გადასადგმელი ნაბიჯი. იმიტომ, რომ როგორც ვნახეთ, ე.წ. დისიდენტი დეპუტატების განცხადებებიდან, ისინი პარტიიდან გავიდნენ, მათ შორის იმის გამო, რომ მათი როლი სათანადოდ არ იყო დაფასებული და თავს ზედმეტად გრძნობდნენ. მოსამართლეთა თემა აღმოჩნდა საბაბი, რომ გაეკეთებინათ განაცხადი. ვფიქრობ, პარტიაში, ალბათ, პროცესები იმისკენ წავა, რომ ინტერესების დაბალანსება მოხდეს, არცერთმა პარტიულმა დაჯგუფებამ არ იგრძნოს თავი დამცირებულად მეორეს წინაშე. ინტერესები, შეძლებისდაგვარად უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ შემდგომი რღვევის პროცესი“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები