პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს

„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა იმ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა და რეგიონში ენერგეტიკული სტაბილურობა უზრუნველყო.
„გასულ კვირას, აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი შედგა. საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა იმ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა და რეგიონში ენერგეტიკული სტაბილურობა უზრუნველყო. საუბარია საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ, კონტინენტური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე. პრეზიდენტებმა, ასევე, ისაუბრებს სამომავლო პერსპექტივებზე, მათი თქმით უნდა მოიძებნოს ასეთივე გამაერთიანებელი მასშტაბური პროექტები სატრანსპორტო სფეროში, ამის პოტენცია არსებობს და აუცილებელია მათი გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რამაც შეიძლება ჩვენი თანამშრომლობის ის ღერძი მოგვცეს, რომელიც წინა პერიოდში მხოლოდ ენერგეტიკას ეკავა. დღეს რეგიონი სტაბილურია და შეიძლება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის თემას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, ორივე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების შემადგენლობების განახლება, იმისათვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს ერთობლივი საზღვარი. პრეზიდენტის აზრით, ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე თქმით, დავით-გარეჯის მონასტრის სასულიერო პირები მიესალმებიან კომისიების მუშაობის განახლებას.​
„აქვე უნდა აღინიშნოს, დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, მამა ილარიონის საჯარო განცხადება, რომელსაც მონასტრის მთელი შემადგენლობა იზიარებს, სადაც ის საუბრობს აღნიშნული საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევის აუცილებლობაზე. ბერები მიესალმებიან კომისიების მუშაობის განახლებას. ვიზიტის მიმდინარეობისას კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას დიდი ყურადღება დაეთმო.
ასევე, არსებობს ინიციატივა, მუდმივ ფორმატში თბილისში და ბათუმში აზერბაიჯანის დღეების ჩატარების თაობაზე, ასევე, აზერბაიჯანში საქართველოს დღეების ჩატარების შესახებ, რათა განვითარდეს დარგობრივი ურთიერთობა კულტურაში. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს შესთავაზა, რომ ვინაიდან ქართული ტოლერანტობა იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში შესატანი საკითხების ნუსხაში განიხილება, შესაძლებელია აღნიშნული საკითხის ერთიან, რეგიონულ ჭრილში განხილვაც პრეზიდენტის აზრით, ტოლერანტობა კავკასიის საერთო ღირებულებაა და ამას შეიძლება მივცეთ საერთო კავკასიური ხასიათი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოსთვის, ეს არის ის ღირებულება, რომელიც დღეს მსოფლიოს აკლია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები