ეკა ბესელია: ხაზარაძის გუშინდელი განცხადება ყურადღებას, რეაგირებას და შესწავლას იმსახურებს

„ხაზარაძის გუშინდელი განცხადება ყურადღებას, რეაგირებას და შესწავლას იმსახურებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მან შს მინისტრისგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილი მიიღო.
დეპუტატის თქმით, „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა აღნიშნული დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
“საზოგადოებასაც აქვს ლეგიტიმური ინტერესი, ნახოს, რა წერილზეა საუბარი და რა დოკუმენტია.
ეს არის სერიოზული ბრალდება და სჭირდება არა მიტოვება, არამედ მიყოლა – უარყოფილ იქნეს ან თუ დადასტურდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. პროკურატურამ უნდა გვითხრას, დაინტერესდა თუ არა ამ ინფორმაციით.
​თუ ამისთვის საჭიროა, საგამოძიებო კომისია შეიქმნას და საგამოძიებო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, გახარიამაც აღნიშნულ საკითხთან გაჩენილ კითხვებს უნდა უპასუხოს.
„ამის დატოვება უპასუხოდ სრულიად არასერიოზული იქნება. ზოგადად კი, ბიზნესის თავისუფლებას, ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების, კონსტიტუციური უფლებების დაცვას, საბოლოოდ, მაინც სასამართლო სისტემის რეფორმამდე მივყავართ“, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის ინფორმაციით, დღეს მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოიკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები