კოპალიანი ბოკუჩავას: არ მოგეწონებათ გახარია, რადგან ის არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს და არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე“
რა თქმა უნდა, თქვენ არ მოგეწონებათ გახარია, რადგან გახარია არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს, არ ცხრილავს ქუჩაში ახალგაზრდებს, გახარია არ იძლევა შეკვეთებს “ტრუპებზე” და გახარია არ მალავს მაღაზიის თავებზე მოკლულებს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ “ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი კრიმინალია”.
როგორც კოპალიანმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება ისაუბრონ ბანკირების უფლებების დარღვევებზე.
დეპუტატმა ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი გაიხსენა.
“რა თქმა უნდა, თქვენ არ მოგეწონებათ გახარია, რადგან გახარია არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს, გახარია არ ცხრილავს ქუჩაში ახალგაზრდებს, გახარია არ იძლევა შეკვეთებს “ტრუპებზე” და გახარია არ მალავს მაღაზიის თავებზე მოკლულებს. “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით მინდა, რამდენიმე სიტყვა განვაცხადო, მოვუწოდო ე.წ ოპოზიციას,”ნაცმოძრაობა” მყავს მხედველობში, ნუ შეურაცხყოფენ ქართველ ხალხს და ნაცარს ნუ აყრიან თვალებში, რადგან თქვენ არ გაქვთ უფლება, ილაპარაკოთ “თიბისი ბანკის” და ზოგადად,ლ ბანკირების უფლებების დარღვევებსა და პრობლემის პოლიტიზირებაზე, რატომ ამას ახლავე მოგახსენებთ და ადრესატი იქნება ჩვენი საზოგადოება. მეგობრებო, ე.წ ოპოზიცია ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს, ყოფნით თავხედობა და უკვე ე.წ ოპოზიცია ორკესტრირებულად, “ნაცმოძრაობა”, “ევრო ნაცები”, ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა, ხმა შეწყობილად გაჰკივიან, თითქოს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ბანკი წაართვას, ანაკლიის პროექტი გააჩეროს და უმწიკვლო ადამიანები, უდანაშაულო ბანკირები დაადანაშაულოს, მაგრამ არავინ ახსენებს ლონდონის საბჭოს გადაწყვეტილებას, სებ-სა და ბანკს შორის დაუმთავრებელ დავას, აღიარებულ ჯარიმებს და ა.შ ამ დროს კი ჯაფარიძის და ხაზარაძის პოზიციები ამოვარდნილია კონტექსტიდან და კომიკურ სიტუაციაში აყენებს თვითონ მათ. რაც შეეხება ბანკებზე განხორციელებულ ტერორს, უახლოეს ისტორიას გადავხედოთ და მოგახსენებთ:
2004 წელი, ზაფხული, “ნაცმოძრაობის” შეკვეთით, მაშინდელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მანაგაძემ, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს კიკორიასთან ერთად, საქართველოს ბანკის დამფუძნებლების, პატეიშვილისა და სილაგაძის დარეკეტება განახორციელეს. მათ მილიონების გადარიცხვები პირად ანგარიშებზე მოსთხოვეს. შემდეგ კი ძალით, კაბინეტებში ჰყავდათ გამომწყვდეული, დაათმობინეს წილები, რის შედეგადაც ორივე დამფუძნებელი გარდაიცვალა. თანხა, დაახლოებით, 70 მილიონის ფარგლებში მერყეობდა. ხოლო ბანკი ვლადიმერ გურგენიძეს და ირაკლი გილაურს აჩუქეს.
2006 წლის თებერვალი, სამიზნე ერთ-ერთი წარმატებული ბანკი – „ინტელექტს ბანკი“, რომელიც 36 საათში გააკოტრეს და უკვე მათ საკუთრებაში არსებულ საქართველოს ბანკს ერთ ლარად აჩუქეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ზედამხედველობის უფროსი ქადაგიძე, ნაპროკურორალი და მომავალი სებ-ის პრეზიდენტი, წართმეული ქონება 80 მილიონი დოლარი.
შემდეგი, 2007 წლის ნოემბერი. საპროტესტო აქციების შემდეგ, პატარკაციშვილისთვის “ტვ იმედის” და მთაწმინდის პარკის წართმევის შემდეგ, სამიზნე გახდა “სტანდარტ ბანკი”, რომელიც გააკოტრეს და გაყიდეს. ორკესტრის წევრები “ნაცმოძრაობა”, სებ-ი და ზედამხედველობის იგივე უფროსი ქადაგიძე.
2008 წლის დეკემბერი. სამიზნე “სახალხო ბანკი”, რომლის კაპიტალი და ქონება შეადგენდა 318 მილიონ ლარს. 15 ათას დოლარად, შანტაჟითა და მუქარით დაათმობინეს აქციონერებს. ორკესტრის წევრები “ნაცმოძრაობა”, იგივე ქადაგიძე და სხვები.
შემდეგი, „ქართუ ბანკი“ 2011 წლის ოქტომბრიდან წართმეული მილიონები, ბანკის გაკოტრების პროცედურის დაწყება, ავტორები იგივე ადამიანები.
იქნებ ამ ბანკების წართმევა-დაყაჩაღების საქმეში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ურევია. უფრო მეტიც, ივანიშვილმა თვითონ გასტაცა საკუთარი მილიონები საკუთარ ბანკს შუა ქუჩაში და თვითონვე ცდილობდა, როგორმე საკუთარი ბანკი გაეკოტრებინა. უბრალოდ, ვერ მოასწრო, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მოვითხოვ და არა მოვუწოდებ პროკურატურას, შეცვალოს გამოძიების ტემპი და საქმეები მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე. 6 წელია გასული, რაც ეს ხალხი წართმეულის დაბრუნებას ითხოვს და ითხოვს დასჯას იმ ადამიანებისას, რომლებიც, ზოგიერთი შეიძლება ამ დარბაზშიც კი ზის. სისხლით და ცრემლით რომ აუბედურებდნენ და წიხლის ქვეშ გაგდებული ჰქონდათ ქვეყანა, დაგვავიწყდა? ამის შემოქმედნი ყოველ წუთს ივანიშვილს რომ ახსენებთ, ათას სისულელეს აბრალებთ, რა ჰქვია ამას. რა ჰქვია და გარყვნილმა ქალმა პატიოსან ქალს რომ ცხოვრების წესი დაუწუნოს, იმას ჰგავს ეს”, – მიმართა კოპალიანმა ბოკუჩავას.