ნუკრი ქანთარია: ირაკლი ღარიბაშვილის მთაწმინდის ოლქში დაყენებას მივესალმებოდი
„ირაკლი ღარიბაშვილს მოზრდილი ელექტორატი ჰყავს, მის მთაწმინდის ოლქში დაყენებას კი, მივესალმებოდი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ამასთან, პარლამენტის წევრი ვარაუდობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება და ძალიან გააქტიურდება.
„მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდა. ვფიქრობ, იმ სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს, რაც 12-იანელებში იყო, იმ რაზმის კოორდინაციასაც შეძლებს. მას ეს ხელეწიფება. ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ამით დიდი ცვლილებები იწყება. არავის გაუგდია, მან ბევრი თაყვანისმცემლის სიმპატია გაიყოლია და მოზრდილი ელექტორატი ჰყავს. მის მთაწმინდის ოლქში დაყენებას მივესალმებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა.