სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში პირველი ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია.
ბაქოში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო – აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას. მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.
„ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, ისევე, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება და საინვესტივციო პოლიტიკის გაძლიერება. ყველა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე იმსჯელებს პრეზიდენტი აზერბაიჯანულ მხარესთან“,- აღნიშნა საქართველოს ელჩმა.
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 28 თებერვალს დასრულდება.