გია აბაშიძე: არ ვიცი, მინისტრი რას გულისხმობდა, მაგრამ არასასურველია ენერგეტიკულად ოკუპანტ ქვეყანაზე იყო დამოკიდებული
არ ვიცი, მინისტრი რას გულისხმობდა, მაგრამ საკმაოდ არასასურველია ენერგეტიკულად დამოკიდებული იყო ოკუპანტ ქვეყანაზე, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
აბაშიძე ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას გამოეხმაურა. ქობულიას თქმით, “ჩვენ გვინდა რომ, არ იყოს მონოპოლური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც”.
„საქართველომ თავის დროზე გადაწყვიტა ენერგოდივერსიფიცირება არა რუსეთის ხარჯზე და მოიძია ალეტერნატიული გაზი აზერბაიჯანიდან, გარკვეული პერიოდი, როცა ძალიან გვიჭირდა, ირანიდანაც გვქონდა მოწოდება. არ ვიცი, მინისტრი რას გულისხმობდა, მაგრამ საკმაოდ არასასურველია ენერგეტიკულად დამოკიდებული იყო ოკუპანტ ქვეყანაზე. რომელსაც აქვს „გამოცდილება“ , როცა გითიშავს გაზს პოლიტიკური მოტივაციით, გიზრდის ფასს პოლიტიკური მოტივაციით და სხვადასხვა შეფერხებას აკეთებს.
ამიტომ, უმჯობესი იქნება , გაზის ალტერნატიული წყაროები ვეძიოთ იმ წყაროებიდან , სადაც ეძიებს მაგალითად პოლონეთი , აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის გარდა , კიდევ არსებობს ბუნებრივი აირის თუ თხევადი გაზის მიღების სხვადასხვა ალეტრნატიული წყაროები და უკეთესი იქნება, ხელისუფლებამ ამაზე იფიქროს დივერსიფიკაციის თვალსაზრისით“- განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკებების საკითხი ვადაგასული ხელშეკრულების განახლებაა. კონკრეტულად რა პირობებს სთავაზობს საქართველო რუსეთს, უცნობია.
“ჩვენ გვინდა რომ, არ იყოს მონოპოლური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც. ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს. გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და ეს იმოქმედებს ფასებზე,”
– განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ .
გიორგი ქობულიას განმარტებით, “გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმებისას გათვალიწინებული იქნება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებიც.
“ჩვენ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, ზოგჯერ ცოტა უფრო მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, ჩვენ შევქმნით დივერსიფიკაციას საქართველოს ბაზარზე”, – განაცხადა მინისტრმა.
თამუნა შეყილაძე