მაია ცქიტიშვილი: წყლის კომპანიის ბიუჯეტი 30%-ით არის გაზრდილი

„წყლის კომპანიის ბიუჯეტი 30%-ით არის გაზრდილი. დამატებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სამუშაოები, რომლებსაც ისინი ატარებენ”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის” ფარგლებში ისაუბრა.
„რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდას: ეს არ არის მხოლოდ თანხის პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ აქ პრობლემა არის უშუალოდ ამ პროექტების ათვისების. ის კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში მოქმედებენ, პირველ რიგში, საპროექტო კომპანიები, ხშირ შემთხვევაში უკვე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიუახლოვდნენ, იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ გვყავს ამდენი ინჟინერი, რომელიც წყლის სექტორში არის გამოცდილი, არ არის ამდენი გამოცდილი კომპანია, რომელმაც შეიძლება ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა და მოგვცეს ხარისხიანი პროექტები.
ძალიან ხშირად სწორედ უხარისხო პროექტები – როგორც წყლის ნაწილში, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში არის პრობლემა. წყალში ეს განსაკუთრებით იჩენს თავს, იმიტომ, რომ ცოტა უფრო ტექნოლოგიური სამუშაოებია. ამიტომ, არა მხოლოდ საბიუჯეტო ან დონორული თანხების დაფინანსების ზრდა არის რთული, არამედ, ამ მიმართულებით თვითონ კონტრაქტორების, როგორც საპროექტო, ასევე, საშემსრულებლო მიმართულებით, მათი მოცულობის ასეთი ზრდა იქნებოდა ცოტა უფრო მეტ რისკთან დაკავშირებული. ამიტომ, 30%-იან ზრდას, პირველ რიგში, ვეცდებით, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ და შემდეგი წლისთვის ვიფიქრებთ მეტზე.
რაც შეეხება წყლის ხარისხს: რა თქმა უნდა, გვაქვს დაწყებული მუშაობა. პირველ რიგში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში, სადაც გვაქვს ამის შესაძლებლობა, აგზავნის სპეციალისტებს იმისთვის, რომ შეაფასონ თუ რა არის მუნიციპალიტეტებში დასამატებელი უკვე არსებული წყალგაყვანილობის პროექტებზე იმისთვის, რომ სტანდარტებს მივუახლოვდეთ დ,ა ასევე, წყლის მართვის საკითხებით ვართ მთლიანობაში დაკავებული.
მართვაში ვგულისხმობ იმას, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ 9 ლიცენზირებული წყალმომარაგების კომპანიაა, რომელიც წყლის სისტემების მართვას ახორციელებს ისე, როგორც სასმელ წყალს შეეფერება. დანარჩენ შემთხვევებში ეს არის ე.წ. „სოფლის წყლები” რომლებიც არც ლიცენზირებული კომპანიები არ არიან და ხშირ შემთხვევაში არც წყლის სარგებლობის მოსაკრებელს არ იხდიან. მთლიანობაში ამ სისტემის მენეჯმენტი, მართვა სისტემური სახით არის სწორედ შესწავლის საგანი, რაშიც ჩვენ, USAID, აზიის განვითარების ბანკი და სხვა დონორები გვეხმარებიან, რომ ეს სისტემა უკეთ დავინახოთ და გავმართოთ.
ადგილობრივი კომპანიები, უმეტესწილად ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებენ. რაც შეეხება კვალიფიცირებულ, ანუ ეგრეთ წოდებულ საინჟინრო-ტექნიკურ პერსონაჟს, ზოგადად საკითხი, ასევე პრობლემატურია. ამ მიმართულებითაც ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია. შეხვედრები სტუდენტებთან, სადაც ვცდილობთ დავაინტერესოთ ახალგაზრდები ჩვენი პროექტებით. მათთან ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ პროექტებში, განსაკუთრებით სადაც ბევრი ახალი ხიდი და ახალი გვირაბი შენდება, სტაჟირებაში ჩავრთოთ ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტები, რათა ჩვენც შევუწყოთ ამ სექტორს ხელი, რომ ახალი, კვალიფიციური კადრები გაიზარდონ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები