“მენაშენეთა ასოციაცია”: K2 კოეფიციენტის გაყიდვამ დედაქალაქში ურბანული კატასტროფა გამოიწვია

 

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არის სწორი და აუცილებელი. როგორც როსტომაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, K2 კოეფიციენტის გაყიდვამ დედაქალაქში ურბანული კატასტროფა გამოიწვია, ამასთან კეთილსინდისიერ დეველოპერებს პრობლემები შეუქმნა.
„ეს იყო ძალიან აუცილებელი და კარგი გადაწყვეტილება. „მენაშენეთა ასოციაცია“, დაახლოებით, 10 წელია K2 კოეფიციენტის გაყიდვას ვეწინააღმდეგებით. ეს ჩემთვის აუხსნელი ფენომენია. კოეფიციენტები, მოსახლეობას მარტივად რომ განვუმარტო, არის კონკრეტული ტერიტორიის დიაგნოზი. ის და განსაკუთებით K2 კოეფიციენტი დგინდება ბევრი პარამეტრის მიხედვით: ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, სეისმიკა, კლიმატი და ა.შ.
ჩვენს ზონაში, თუ არ მეშლება, თბილისის მსგავს ქალაქში 1 ჰექტარზე უნდა ცხოვრობდეს 280-დან 320 მოქალაქემდე. მეტი ინტენსივობა არ შეიძლება რომ იყოს, ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, თუ არის მიწა, რომელიც არის 1000 კვადრატული მეტრი, იმას მინიჭებული ჰქონდა K2 კოეფიციენტი, მაგალითად, 2 ნიშნავდა, რომ იმ ტერიტორიაზე განვითარების შემთხვევაში, შეიძლებოდა, აშენებულიყო მაქსიმუმ 2000 კვადრატული მეტრი, ანუ არსებული ფართი გამრავლებული იმ კოეფიციენტზე. კოეფიციენტების გაყიდვამ გამოიწვია ის, რომ საერთოდ დაინგრა საბაზრო ეკონომიკის პრინციპი. წარმოიდგინეთ, მე და თქვენ გვერდიგვერდ გვაქვს ორი იდენტური, 2000 კვადრატულ-მეტრიანი ნაკვეთი. მე ვასრულებ იმ პირობას, რაც დადგენილია, ვაშენებ 2 კოეფიციენტით, თქვენ ხელისუფლებაში გაქვთ კარგი კავშირები და აიღეთ 10 კოეფიციენტი, ანუ თქვენი მიწა ჩემს მიწაზე 5-ჯერ ძვირი გახდა. ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ერთია ის, რომ ამან ჩვენს ქალაქში გამოიწვია ურბანული კატასტროფა, გაუზარებელი, დიდი მშენებლობები და დიდი სიმჭიდროვე. ამის მაგალითია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ცხოვრება და გადაადგილება შეუძლებელია. ერთია ურბანული და ქალაქგეგმარებითი პრობლემა. მეორე არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემა. პრობლემა შეექმნა წესიერ დეველოპერს, რომელიც ასრულებს იმ პირობას, რაც დათქმულია და ამ დროს, მეორე იღებს მეტ კოეფიციენტს.
ასე რომ, K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვა ერთადერთი სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილებაა, სხვანაირად ვერც გამოვა, კონკურენცია არ ხდება“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში განსაზღვრულზე მაღალ შენობებზე ნებართვა აღარ გაიცემა. კახა კალაძის ინფორმაციით, კოეფიციენტების გადაჭარბება და გაზრდილი K2-ის გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ კალაძემ 15 თებერვალს განაცხადა.
“ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების მანძილზე კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე, საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები”, – განაცხადა კალაძემ.
ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან
ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელი იყო. ამისთვის დეველოპერი შესაბამის მოსაკრებელს იხდიდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები