“უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველო სჯობნის მრავალ განვითარებად და ევროკავშირის რამდენიმე წევრ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანას”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს ეკონომიკური ექსპერტები აფასებენ. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე საქართველოში, ბოლო 9 წლის განმავლობაში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ამასთან ერთად, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ყველაზე დაბალ ნიშნულს სწორედ 2018 წელს მიაღწია და 12.7 პროცენტი შეადგინა.
„მართალია უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველო ნამდვილად არ არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში, თუმცა სჯობნის მრავალ განვითარებად და აგრეთვე, ევროკავშირის რამდენიმე წევრ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანას“, – აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.
უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მამაკაცებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 13.9% შეადგინა, ხოლო ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით და 11.2 პროცენტი შეადგინა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში კი 2018 წელს უმუშევართა რაოდენობა 30.7 ათასი ადამიანით შემცირდა და 245.7 ათასი შეადგინა. სამწუხაროდ, თვითდასაქმებულთა დიდი რაოდენობა კვლავაც რჩება ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოწვევად. თუმცა, 2018 წლის მონაცემებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ (834 ათასი), პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას (860.2 ათასი) და 50.8 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის: 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 42.5 პროცენტს შეადგენდა, 10 წლის წინ კი 39 პროცენტს, რაც პოზიტიურ ტრენდად შეიძლება ჩაითვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები