“სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც მავნე საკვებს შეიტანს სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში”

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ფალსიფიცირებულ ან მავნე საკვებს შეიტანს სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის შემუშავება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო თავისი კომპეტენციის ნაწილში მაქსიმალურად ატარებს ყველა ღონისძიებას რაც შეუძლია, დაწყებული საჯარიმო სანქციიდან ბიზნესოპერირების შეჩერებით, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. იზრდება ინსპექტირების რაოდენობა და თითქმის პროპორციულად იზრდება დარღვევების გამოვლენა, შესაბამისად, ვფიქრობთ რომ უნდა გავამკაცროთ და გაიზარდოს საჯარიმო სანქციები, მინისტრს ველოდებით მარტში გვექნება კონსულტაციები. მეორე მხრივ, ვფიქრობ, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ფალსიფიცირებულ ან მავნე საკვებს შეიტანს სოციალური კვების ობიექტებში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
სახელმწიფო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები