ანრი ოხანაშვილი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ჰუბერტ ქნირშმა ანრი ოხანაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ანრი ოხანაშვილმა გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
„დღეს შედგა ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ბატონ ქნირშს გაწეული საქმიანობისთვის, რასაც ის საქართველოს მხარდასაჭერად ახორციელებს. მადლობა გადავუხადე, ზოგადად, გერმანელ ხალხს და გერმანიის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, იმ რეზოლუციისთვის, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგმა 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიიღო, სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, ასევე იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და იმ რეფორმებისთვის, რომელსაც საქართველო გერმანიის მთავრობის დახმარებით ახორციელებს. ბატონ ელჩს მადლობა გადავუხადე ასევე იმისთვის, რომ გერმანიის მთავრობას სურს საქართველო შეიყვანოს უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით გერმანულ მხარესთან”, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც.
„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ე.წ. მოსამართლეთა სიას. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებით უნდა მოხდეს ღირსეული, პროფესიონალი კანდიდატების შერჩევა. მისი პოზიცია, ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არის სწორი მიდგომა და შესაბამისად, იგი მხარს უჭერს პარლამენტს ამ რეფორმების წარმართვასა და განხორციელებაში”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციისა და მიგრაციის პროცესებს, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობას და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები