“ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ისეთი უზარმაზარი კაპიტალის გადაცემა მამუკა ხაზარაძისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტი”

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა და მესაკუთრის განსაზღვრა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა “თი-ბი-სი” ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარდიაშვილი თვლის, რომ საკითხის პოლიტიზირება მოხდა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში მანკიერი ტრადიცია დამკვიდრდა – თუ რაიმეს სამართლებრივი შეფასება ეძლევა, ავტომატურად პოლიტიკურ პროცესებში გადადის.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა და მესაკუთრის განსაზღვრა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა. ასევე ბანკებმა, მათ შორის „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ ყველაზე დიდი მოგებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნახეს. შესაბამისად, აქ რაიმე წნეხს ან ზეწოლაზე საუბარი უბრალოდ გამორიცხულია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ბიზნესი თავისუფალია და ბანკები არნახულ მოგებაზე გავიდნენ. ასევე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ისეთი უზარმაზარი კაპიტალის გადაცემა მამუკა ხაზარაძისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს საკითხები აბსოლუტურად პოლიტიკურ კონტექსტშია მოხვედრილი და დანარჩენი დასკვნების გაკეთება საზოგადოებისთვის მიმინდვია“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
დეპუტატი „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის კონკრეტულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
“ვისურვებდი, მამუკა ხაზარაძეს დაეკონკრეტებინა, ვინ არიან ის ძალები, რომლებიც პროგრესს ხელს უშლიან”, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები