მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარე მათიას როსლერმა შეხვედრაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების განვითარების აქტიურ დინამიკაზე ისაუბრეს. შეხვედრა დღეს დრეზდენში გაიმართა.
საუბრისას ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი ხალხის მრავალწლიან მეგობრობას და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის მეთაურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დრეზდენის გალერეის დაკარგული ექსპონატის, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, დრეზდენის მუზეუმის კუთვნილება იყო და მისი დაბრუნებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.
შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ საქსონიის მიწის პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები