მოსკოველი კერძო კოლექციონერი ლადო გუდიაშვილის ნახატს ყიდის

   7 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, კერძო კოლექციიდან ლადო გუდიაშვილის ქაღალდზე შესრულებული ნახატი სახელწოდებით: “დები არმაზიდან“ (1971, 52х4 ) იყიდება. გვერდის ადმინი აცხადებს, რომ ამ ნახატის ობიექტური ფასი 10 000 ამერიკული დოლარია (თუმცა, თავდაპირველად მისი ფასი 12 000 დოლარი იყო). მისი მფლობელი მზადაა, სპეციალური შეთავაზება გაუკეთოს მას, ვინც ნახატის შეძენას კვირასვე შეძლებს. აქვე, იგი მსურველებს საკუთარი საკონტაქტო კოორდინატების დატოვებას სთხოვს. ადმინი აცხადებს, რომ ის მოხარული იქნება, თუკი ნახატი საქართველოში დაბრუნდება და რეკლამას სწორედ ამ მოსაზრებით ავრცელებს სოციალურ ქსელებში, სადაც, მისი აზრით, კავკასიის კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული ადამიანები არიან. აქვე განმცხადებელი, ნახატის ორიგინალობის დასადგენად, მსურველებს ტრეტიაკოვის გალერეის საექსპერტო ცენტრის მომსახურებას სთავაზობს.
411123_320743151341133_1911328949_oსაინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ ლადო გუდიაშვილის სახელობის გალერეის კოორდინატორს თამთა შონვაძეს დაუკავშირდა. „უნდა გითხრათ, რომ გუდიაშვილის ოჯახი მისი ნახატების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებული არ არის. ჩვენთან ბევრია გუდიაშვილის ნამუშევრები, თითქმის ყოველ მეორე სალონში მისი ნახატია… ასე, რომ ჩვენ ამ საკითხით დაინტერესებული არ ვართ”, – განაცხადა თამთა შონვაძემ.
„კვირა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს ბესო მაცაბერიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც რედაქციას ამ ფაქტის შესახებ სამინისტროს სახელზე წერილის ოფიციალურად გაგზავნა ურჩია, რის შედეგადაც აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე რედაქციამ უკვე აცნობა სამინისტროს. ამის შემდეგ სააგენტო ამ ფაქტზე პროფესიონალის მოსაზრებითაც დაინტერესდა.
 მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი:1552957_688965061134659_1591520100_n
– რამდენადაც ვიცი, საქართველოში გუდიაშვილის ნახატები საკმაოდ ბევრია. საინტერესოა, ზემოხსენებული ნახატი მისი ადრეული ნამუშევარია, თუ საეტაპო პერიოდისაა. იგი უფრო ღირებულია და კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო დაინტერესდება. საერთოდ კი, ისეთი რანგის მხატვარი, როგორიც გუდიაშვილია, არა ერთი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს საკუთრებაა და თუკი მისი ნამუშევარი რომელიმე კერძო კოლექციონერის ხელში მოხვდება, საშინელება არ იქნება.
სააგენტო დაუკავშირდა და მოლაპარაკება აწარმოა ამ საიტის ადმინთან, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნახატის ყიდვის რამდენიმე მსურველთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ადმინი მოსკოვში მცხოვრები მხატვარი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოველი კოლექციონერის ნაცნობია.  ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი ამ ნახატს საქართველოში შეიძენენ, ამისთვის კი მზად არიან გარკვეული ფასდაკლებაც დაუშვან.
„თუ შეამჩნიეთ, ავტორთა ჯგუფის მიერ ორი წლის წინ ფეისბუქის გვერდი შეიქმნა, ამ ჯგუფში არიან: ჟურნალისტები, სცენარისტები, კინოკრიტიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. ჩვენი ჯგუფი ინტერნაციონალურია და ჩვენ – ყველას საქართველოს სიყვარული გვაერთიანებს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი წინადადების განსახილველად. რაც შეეხება, ლადო გუდიაშვილის ნახატს, გთხოვთ, საქმის კურსში დროულად ჩაგვაყენოთ. ჩვენი წარმომადგენელი საქართველოშიცაა, მაგრამ შეგიძლიათ, აქაც გვეკონტაქტოთ“ , – განაცხადა „კვირასთან“ მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები