არ მგონია, ეროვნული ბანკი კანონის გვერდის ავლით მოქცეულიყო, – ჟორჟოლიანი TBC ბანკის საქმეზე

არა მგონია, ეროვნული ბანკი კანონის გვერდის ავლით მოქცეულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ საქმის გარშემო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ამას სჭირდება უფრო დეტალური ცოდნა იმ საკითხისა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. არ მგონია, ეროვნული ბანკი კანონის გვერდის ავლით მოქცეულიყო. თავად საქმეს სჭირდება გარკვევა.
რაც შეეხება ზოგადად იმას, რომ ეს ეკონომიკას აზარალებს, ეს სამართლიანია, თუ არ არის სამართლიანი – ეს არის მთავარი, ეკონომიკას ძალიან ბევრი რამ აზარალებს და პირველ რიგში, აზარალებს ის, რომ ზოგადად, ეს არ ეხება tbc ბანკს, ეს ეხება მთლიანად საბანკო სექტორს, რომელიც აბსოლუტურად არარეგულირებულია და რომლის საქმიანობაც არ არის ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ასეთი სისტემაა და ეს სისტემა ცვლილებას მოითხოვს. ეს ამ საქმესთან დაკავშირებული არ არის. ეს არის იმ საკითხთან დაკავშირებული – აზარალებს თუ არ აზარალებს ეკონომიკას“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
თავის მხრივ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის TBC ბანკი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები