თეა წულუკიანი – ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია

„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, დღეს „თიბისი ბანკის“ მიმართ კითხვა არ ისმის, კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე.
„არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან, ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტია, რაც ასე არ არის.
„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. სახელმწიფო როდესაც პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირებდი. სპეკულაციები, რომ კითხვები, რაც მამუკა ხაზარაძის მიმართ ისმის საბანკო საქმიანობის ნაწილში, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, არის ოპოზიციის მცდელობა, რომ ეს საკუთარ თემად აქციოს. არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები