დავით ზალკალიანი მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

0

დავით ზალკალიანი მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც მიუნხენში საქართველოს სათვისტომოს საბჭოს ხელმძღვანელი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები და ის ახალი პროექტები და ინიციატივები განიხილეს, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
მინისტრმა შეხვედრაზე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დიასპორის წარმომადგენლებსა და საქართველოს საელჩოებს შორის ინტენსიური კომუნიკაციის არსებობის აუცილებლობას.
მინისტრმა ასევე მიმოიხილა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც გასულ წელს მნიშვნელოვანი შედეგით – გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტით დაგვირგვინდა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტზე გერმანიაში, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას. მინისტრმა ისაუბრა თავშესაფრის მაძიებელთა სტატიის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა მოხდეს მსგავსი უკანონო ქმედებების პრევენცია და საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ სრულფასოვანი ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის წესების შესახებ. მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის შემცირებისკენ მიმართული მთავრობის ინიციატივები, მათ შორის ის საინფორმაციო კამპანნია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს რეგიონებში ახორციელებს. მან ასევე ისაუბრა ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმატებულ თანამშრომლობაზე გერმანიის შესაბამის სამსახურებთან. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქართული დიასპორის აქტივობაზე გერმანიაში, მათ შორის ხაზი გაესვა საკვირაო სკოლების მნიშვნელობას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით. მინისტრმა ასევე ისუაბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმებზე და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოზე.

კომენტარები

კომენტარი