ვოლფგანგ იშინგერი: საქართველო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მოსკოვის წინააღმდეგობისა და დასავლეთის ყოყმანის გამო – რამდენად შორს უნდა წავიდეს ნატო-ს გაფართოება

0

ვხედავთ, რომ საქართველო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მოსკოვის კატეგორიული წინააღმდეგობის მიზეზით, ასევე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ყოყმანის გამო – რამდენად შორს უნდა წავიდეს ნატო-ს გაფართოება, – ამის შესახებ ​მიუნხენის კონფერენციის თავჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა.

მისი თქმით, 20 წლის წინ, ნატო-ს მადრიდის სამიტზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც შეთანხმდნენ, რომ ალიანსის გაფართოების პროცესში ჯერ მიიღებდნენ სამ წევრს, ხოლო მეორე ტალღის დროს – ბულგარეთს, რუმინეთსა და კიდევ სხვა ქვეყნებს. ამასთან, როგორც იშინგერმა აღნიშნა, იმ პერიოდში რუსეთის პოზიცია ასეთი იყო – „დიდად არ მოგვწონს, მაგრამ მისაღებია, თუკი ნატო-რუსეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციაც იქნება შესაძლებელი“.

​მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარის თქმით, ეს იყო თავდაპირველი შეთანხმება, თუმცა 20 წლის შემდეგ, ხედავენ, რომ დასავლეთის ქვეყნების ყოყმანისა და რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველო და უკრაინა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნების, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და სხვანი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსკოვის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის მიზეზით, ასევე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ყოყმანის გამო – რამდენად შორს უნდა წავიდეს გაფართოება? ჩემი აზრით, დღეს აუცილებელია გონივრული დიპლომატია.

დღეს დილით გვქონდა შეხვედრა სერგეი ლავროვთან ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით, ანუ გერმანია-რუსეთის ვაჭრობის, ინვესტიციების, თანამშრომლობის საკითხები. ჩემი აზრით, გარკვეულ ეტაპზე რუსეთს არ ექნება სხვა არჩევანი და აღიარებს, რომ ჩვენ არ ვართ მისი მტრები და რომ ჩვენ, – მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა ნატოს წევრები, – არ წარმოვადგენთ საფრთხეს რუსეთისთვის. ჩემი აზრით, ეს აზრი ადრე თუ გვიან ფეხს მოიკიდებს და კვლავ მომძლავრდება რუსეთში და სწორედ ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად. სწორედ ამიტომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა ცნობიერების ასამაღლებლად დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ და სხვა სახელმწიფოებს გაქვთ იგივე ფუნდამენტური უფლება, რომელიც განისაზღვრა პარიზში 1990 წელს. უნგრეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა გამოიყენეს ეს უფლება 1990-იანების შუა პერიოდის სამიტებზე. არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა გეთქვათ უარი იმაზე, რაც მათ მიიღეს. არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა გადავუხვიოთ უსაფრთხოების განუყოფლობის იდეას.

ასე რომ, ჩემი აზრით, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთული პროცესის შუაში. სირთულეები მომავალშიც იქნება. მე ვერ და არ დაგპირდებით, რომ მაქვს უებარი მეთოდი ამ საკითხის გადასაჭრელად. მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, – და ამით მინდა დავასრულო ჩემი გამოსვლა, – რომ ბუნებაში არ არსებობს საგარეო პოლიტიკის ნებისმიერი საკითხის მოგვარების კატეგორიული შეუძლებლობა. და ამას მე გეუბნებით თქვენ, როგორც გერმანელი.

როცა მე ახალგაზრდა დიპლომატი გახლდით ცივი ომის დროს, ბონში და შემდეგ ბერლინში ვერავის წარმოედგინა, რომ მოვესწრებოდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენას, რადგან მაშინ გვეგონა, რომ საბჭოეთის მხრიდან ამ იდეის მიმართ წინააღმდეგობა მარადიული იყო, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია! და ის, რაც შეუძლებლად გვეჩვენებოდა, უცებ რეალობად იქცა! სწორად ამიტომ მე, როგორც გერმანელ დიპლომატს, მჯერა, რომ გონივრული და დროული მოქმედებით და ყოვლისმომცველი დიპლომატიით თითქმის ყველაფერია შესაძლებელი. გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.

კომენტარები

კომენტარი