„ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და სხვანი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსკოვის მხრიდან“

0

ვოლფგანგ იშინგერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე – არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა მიიღეს სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და სხვანი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსკოვის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის მიზეზით, ასევე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ყოყმანის გამო – რამდენად შორს უნდა წავიდეს გაფართოება, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა ნატოს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
ელჩი იშინგერი მიიჩნევს, რომ დღეს აუცილებელია გონივრული დიპლომატია.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ 1990-იანი წლები და ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით მაშინ მიმდინარე მოლაპარაკებები გაიხსენა და განაცხადა, რომ არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა ნატოში გაწევრიანების სახით მიიღეს.
“მე აქტიურად ვიყავი ჩართული ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებში ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს თემა პირველად გახდა საერთაშორისო მოლაპარაკებების საგანი 1990-იანების შუა პერიოდში. მე ვმონაწილეობდი ნატოს მადრიდის სამიტში, რომელზეც განხილული იყო აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების საკითხი და ამის განხორციელების გზები. იმ პერიოდში ამერიკის პრეზიდენტი იყო ბილ კლინტონი, რომელიც ძალიან ორჭოფობდა, რადგან აშშ-ის კონგრესი არ ემხრობოდა ნატოს გაფართოებას. ასე რომ, ამერიკელებმა განაცხადეს – მაქსიმუმ 3, ამაზე მეტი დაუშვებელია. შემდეგ გამოვიდა პრეზიდენტი შირაკი, რომელმაც განაცხადა – სულ მცირე 5, რომელთა შორის ერთ-ერთი უნდა იყოს რუმინეთი. ასე რომ, ნატოს მნიშვნელოვან წევრთა შორის ერთსულოვნება საერთოდ არ შეიმჩნეოდა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. ხოლო ჩემმა უფროსმა იმ პერიოდში, ჰელმუტ კოლმა თქვა – მე დავესწრები სამიტს. მოვუსმენ სხვებს და შემდეგ შევხედოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. ანუ, მას ნეიტრალური პოზიცია ეკავა.
შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო. ფრანგები ითხოვდნენ ხუთს. ნაწილი ფრანგებს მიემხრო. ამერიკელებს მხოლოდ სამი უნდოდათ. საბოლოოდ, მიიღეს განსაკუთრებული გადაწყვეტილება – დარბაზიდან გავიდა ყველა, გარდა სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებისა და მათი 2 მრჩევლისა. ასე აღმოვჩნდი დარბაზში ჰელმუტ კოლთან და იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. პატარა ფურცელზე გერმანულად დავწერე – შესაძლო კომპრომისი: ჯერ მივიღებთ სამს, მაგრამ აქვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ იქნება მეორე ტალღაც, რუმინეთის, ბულგარეთის და სხვათა ჩათვლით. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ბალტიისპირეთთან დაკავშირებით. ჰელმუტ კოლმა წაიკითხა ჩემი ბარათი და თქვა – მგონი, ზუსტად ის არის, რაც გვჭირდება. კოლმა ბარათზე გააკეთა მინაწერები, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა „მადრიდის კომპრომისის” სახელით, ანუ 3+. აი, ასე დაიწყო ყველაფერი”, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ გაიხსენა ამ საკითხზე რუსული მხარის პოზიციაც:
“აღნიშნული გეგმები არ მოეწონა, თუმცა განაცხადა, რომ ეს მისაღები იქნებოდა, თუკი ნატო-რუსეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციაც გახდებოდა შესაძლებელი. ეს იყო ჩვენი თავდაპირველი შეთანხმება. ასე რომ, თითქმის 20 წლის წინ ჩვენ მივიღეთ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნების, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და სხვანი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსკოვის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის მიზეზით, ასევე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ყოყმანის გამო – რამდენად შორს უნდა წავიდეს გაფართოება? ჩემი აზრით, დღეს აუცილებელია გონივრული დიპლომატია. დღეს დილით გვქონდა შეხვედრა სერგეი ლავროვთან ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით, ანუ გერმანია-რუსეთის ვაჭრობის, ინვესტიციების, თანამშრომლობის საკითხები. ჩემი აზრით, გარკვეულ ეტაპზე რუსეთს არ ექნება სხვა არჩევანი და აღიარებს, რომ ჩვენ არ ვართ მისი მტრები და რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა ნატოს წევრები, არ წარმოვადგენთ საფრთხეს რუსეთისთვის. ჩემი აზრით, ეს აზრი ადრე თუ გვიან ფეხს მოიკიდებს და კვლავ მომძლავრდება რუსეთში და სწორედ ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად. სწორედ ამიტომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა ცნობიერების ასამაღლებლად დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, იმასთან დაკავშრებით, რომ თქვენ და სხვა სახელმწიფოებს გაქვთ იგივე ფუნდამენტური უფლება, რომელიც განისაზღვრა 1990 წელს. უნგრეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა გამოიყენეს ეს უფლება 1990-იანების შუა პერიოდის სამიტებზე. არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა გეთქვათ თქვენ უარი იმაზე, რაც მათ მიიღეს. არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა გადავუხვიოთ ჩვენ უსაფრთხოების განუყოფლობის იდეას”, – აღნიშნა ელჩმა იშინგერმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სირთულეები არის და მომავალშიც იქნება, თუმცა გონივრული დიპლომატიით თითქმის ყველაფერი შესაძლებელია.
“მე ვერ და არ დაგპირდებით, რომ მაქვს უებარი მეთოდი ამ საკითხის გადასაჭრელად. მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, – და ამით მინდა დავასრულო ჩემი გამოსვლა, – რომ ბუნებაში არ არსებობს საგარეო პოლიტიკის ნებისმიერი საკითხის მოგვარების კატეგორიული შეუძლებლობა. და ამას მე გეუბნებით თქვენ, როგორც გერმანელი. როცა მე ახალგაზრდა დიპლომატი გახლდით ცივი ომის დროს, ბონში და შემდეგ ბერლინში ვერავის წარმოედგინა, რომ მოვესწრებოდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენას, რადგან მაშინ გვეგონა, რომ საბჭოეთის მხრიდან ამ იდეის მიმართ წინააღმდეგობა მარადიული იყო, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია! და ის, რაც შეუძლებლად გვეჩვენებოდა, უცებ რეალობად იქცა! სწორად ამიტომ მე, როგორც გერმანელ დიპლომატს, მჯერა, რომ გონივრული და დროული მოქმედებით და ყოვლისმომცველი დიპლომატიით თითქმის ყველაფერია შესაძლებელი”, – განაცხადა ელჩმა იშინგერმა.
ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა მიუნხენის უსაფრთხოების უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი,ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი რადმილა შეკერინსკა და საექსპერტო წრეების ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი