„ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია“

0

„ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს“ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიუნხენში, ნატო-ს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე დროა, ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, რადგან ამის „შესაძლებლობათა ფანჯარა“ არის ღია.
„მტკიცე იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მიღწევები გარდაიქმნება ხელშესახებ ნაბიჯებად და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატო-ში გაწევრიანებას. მოკავშირეების თანახმად, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო გაწევრიანებისთვის. ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ ნატო-სთან. წლების განმავლობაში, შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა ბევრი მიმართულებით. ამავდროულად, წინ უნდა გავიხედოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი. საქართველოს ნატო-სთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე დაგვეხმარება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც თანაბრად შეეხება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს.
საქართველო არის შავი ზღვისა და უფრო ფართო ევრო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების უცილობელი ელემენტი. ქვეყნის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ რეგიონული პროექტების განხორციელების კვალობაზე, რაც ამჟამად ინიცირდება. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა, ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამის “შესაძლებლობათა ფანჯარა” ღიაა. ყოყმანი არ დაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ნატო-ს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა. მამუკა ბახტაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად, შესაძლებელია გზების პოვნა არსებული გამოწვევების გადასალახად, რათა საქართველოს გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვნად ავიდეს უფრო მაღალ და მდგრად დონეზე.
„განვმეორდები და ვიტყვი, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებით გაჯერებული არჩევანი. გმადლობთ, საქართველოს ძლიერი მეგობრობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი