პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე გასვლით შეხვედრას მართავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის” მხარდაჭერით, კაჭრეთში, გასვლით სამუშაო შეხვედრას მართავს.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა და GIZ-ის სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა, შალვა პაპუაშვილმა.
შეხვედრაზე გაიმართება კომიტეტის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. ორი დღის განმავლობაში, მსჯელობა შედგება სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა მიმართულებებზე, კერძოდ: კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობაზე. საკონტროლო ფუნქციაზე, კომიტეტის გამჭვირვალობასა და სხვა საკითხებზე. კომიტეტის წევრები თემატურ მომხსენებლებს განსაზღვრავენ და ასევე,  სხვადასხვა სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან მოსაზრებებს გაცვლიან. იურიდიული საკითხთა კომიტეტი  დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტსა და დონორ ორგანიზაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილება.
„ორი დღის განმავლობაში წარვმართავთ კომიტეტის სამუშაო შეხვედრას, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ვიმსჯელებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როგორი დატვირთვით იმუშავებს კომიტეტი, იქნება ეს საკანონმდებლო თვალსაზრისით, იქნება ეს კომიტეტის საკონტროლო ფუნქცია, ასევე, ღიაობა, გამჭვირვალობა, მედიასთან ურთიერთობა და ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც არსებობს კომიტეტში.
ამით უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, თვალყური მიადევნონ, რა თანმიმდევრობით მუშაობს კომიტეტი და რა საკითხებს განიხილავს 2019-2020 წლებში, როგორია მისი საკანონმდებლო დატვირთვა, როგორია კომიტეტის საკონტროლო ფუნქცია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ანგარიშვალდებული ვიყოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა სამუშაო შეხვედრის კომენტირებისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის წევრებს გააცნობენ, თუ რის  შეტანას აპირებენ შესაბამის უწყებები  პარლამეტში, განსახილველად.
„აქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავება, ასევე, თავდაცვის კოდექსის შემუშავება და სხვა პროექტები. ასევე, ვიმსჯელებთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია კომიტეტისთვის. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს, თუ როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა განვიხილოთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის პროცედურა. მზად ვართ, ვიმსჯელოთ, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციურობის სტანდარტს და აბარებს თუ არა ის კონსტიტუციურობის ტესტს, არის თუ არა ეს სამართლიანი და დავგეგმოთ მომდევნო კვირის განმავლობაში, როგორც ვიმუშაოთ ჩვენ ამ კანონპროექტზე”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები